ისრაელში გამოკითხული ადამიანების 80% აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ოქტომბრის მოვლენების გამო საჯაროდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამის შესახებ გამოცემა Maariv-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით Times of Israel-ი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღეს ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებმა, ასევე თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა.
კითხვაზე, ვინ უნდა იყოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, 49%-მა ბენი განცი, 28%-მ კი ნეთანიაჰუ დაასახელა, დანარჩენებს პასუხი არ ჰქონია.
რაც შეეხება ღაზის სექტორში მიმდინარე ომს, გამოკითხულთა 65% მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, 21% კი წინააღმდეგია.
გამოკითხვა 18-19 ოქტომბერს ჩატარდა და მის ფარგლებში 510 რესპონდენტი გამოიკითხა. შესაძლო ცდომილების მაჩვენებელი 4,3%-ს შეადგენს.