ოფელ ჯუმათში ნაპოვნია გარდაცვლილი არასრულწლოვანი თორნიკე ჩხარტიშვილია
სოფელ ჯუმათში ნაპოვნი მოზარდი, ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე თორნიკე ჩხარტიშვილია. სამწუხაროდ, ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ ასევე სოფელ სილაურში ასაკოვან ქალბატონს, ამ წუთას მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად ძებნა გრძელდება ლანჩხუთში დაკარგული მოზარდის.
“ეს უბედურება წუხელ მოხდა, ღამით ჩამოწვა მეწყერი და ბავშვი დაიღუპა. ძალიან განვიცდით. თორნიკე ძალიან კარგი ბიჭი იყო და ეს დიდი გულისტკივილია. სხვა რა გითხრათ, ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა”, – გვითხრა ადგილობრივმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ცხედარი ამოიყვანეს.
“სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები”, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
„მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს. ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: კვირის პალიტრა
დიდი ჩხუბი ქართველებსა და ყაზახებს შორის – ნაცემია რამდენიმე ადამიანი