ავსტრალიაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა ამ ამბის გამო და ყველა მშობელი გააფრთხილეს, რომ ლაზერული პოინტერები, ე.წ. მისათითებლები, რომლებსაც ბევრი ბავშვი სათამაშოდ იყენებს, სულაც არ არის სათამაშო – პირიქით, ძალიან საშიში ნივთია.
ამბავი მას მერე გახმაურდა, რაც შეისწავლეს ამ ბიჭუნას ამბავი (მისი სახელი არ კონკრეტდება). ოფთალმოლოგ ბენ არმიტაჟთან ბავშვი თვალის სიწითლით და მხედველობის მოულოდნელი დაქვეითებით მიიყვანეს. ბავშვს საკმაოდ მოკლე დროში რამდენჯერმე მიუნათებია თვალებში ლაზერი, ვითომ თამაშობდა – რამდენ ხანს გაუძლებდა. ახლა ბავშვი მხოლოდ 25 პროცენტს ხედავს, მხედველობის 75% დაკარგული აქვს.
სულ რამდენიმე ხანში ბავშვს თვალები აუწითლდა, მერე კი მხედველობის შესუსტებაც იგრძნო. ლაზერმა დამწვრობა გამოიწვია თვალის ისეთ უბნებში, რომლებიც ვეღარ აღდგება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მსგავსი შუქის მინათება თვალებში ისედაც საშიშია, მით უმეტეს, ამგვარი მისათითებლები ძირითადად ჩინეთშია წარმოებული და ბევრი ნორმაა დარღვეული. ასე რომ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და თუ გაქვთ სახლში მსგავსი ნივთები, მოაშორებთ ბავშვებს. ასევე ისიც აუხსენით, რომ არც სათამაშო თოფებისა და ავტომატების ლაზერებია მთლად უსაფრთხო და ეცადონ, ერთმანეთს თვალებში არ მიანათონ.
წყარო: mshoblebi.ge