მეცნიერებმა 46 000 წლის წინ გაყინული ჭია გააცოცხლეს – კვლევას ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობდა (ფოტო)

July 29, 14:06
0
383

ერთი შეხედვით, ნემატოდები უბრალო მრგვალი ჭიები არიან, მაგრამ ხშირად, მათ სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

2018 წელს, მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ ციმბირის მუდმივად გაყინულ ნიადაგში (მრავალწლოვანი მზრალობა) აღმოაჩინეს და გააცოცხლეს მიკროსკოპული ნემატოდების ორი ტიპი; მათი შეფასებით, ამ ჭიების ასაკი 42 000 წელი იყო. ახლა, ამ ჭიებს უფრო მეტი კვლევა უტარდება, რის შედეგადაც დგინდება, რომ ერთ-ერთი ნემატოდის ნაირსახეობა ახალ სახეობას წარმოადგენს, რომელსაც მკვლევრებმა Panagrolaimus kolymaensis-ი უწოდეს, მდინარე კოლიმას გამო, სადაც ის აღმოაჩინეს.

ახალი კვლევა ჟურნალ PLOS Genetics-ში გამოქვეყნდა. ციმბირული ჭიების გადარჩენის მექანიზმი მეცნიერებმა შეადარეს ნემატოდის სხვა სახეობის, Caenorhabditis elegans-ის ანალოგიურ მექანიზმს; ეს ორგანიზმი ერთგვარი მოდელია, რომელსაც ლაბორატორიები მთელ მსოფლიოში იყენებენ. ამას გარდა, ამ ნემატოდებთან ერთად აღმოჩენილი მცენარეული მასალის დათარიღების საფუძველზე, მეცნიერები აცხადებენ, რომ P. kolymaensis-ი 46 000 წლის წინანდელია.

კვლევის თანაავტორია გერმანიის ქალაქ დრეზდენში მდებარე მაქს პლანკის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის პროფესორ ემერიტუსი, უჯრედული ბიოლოგი, წარმოშობით ქართველი თეიმურაზ კურცხალია.

„რადიონახშირბადული დათარიღება აბსოლუტურად ზუსტია და ახლა უკვე ვიცით, რომ ისინი მართლაც გადარჩნენ 46 000 წლის განმავლობაში”, – ამბობს კურცხალია.

Panagrolaimus-ის სახეობები მთელ მსოფლიოში გვხვდება და ცნობილია, რომ ისინი გადარჩენას ახერხებენ გარემოში, რომელშიც რეგულარულად ხდება მათი ან გამოშრობა, ან გაყინვა.

თუ ეს ჭიები მართლაც იმდენი წლისაა, რამდენსაც კვლევა ვარაუდობს, ისინი ალბათ ყველაზე საოცარი მაგალითები იქნებიან იმისა, რასაც მეცნიერები კრიპტობიოზს უწოდებენ; ეს არის ორგანიზმის უნარი, ცუდ გარემო პირობებში შეაჩეროს საკუთარი მეტაბოლიზმი.

„ვფიქრობ, ეს შთამბეჭდავი და საინტერესო ნაშრომია”, – ამბობს ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტოს ზოოლოგიის პროფესორ ემერიტუსი დევიდ ვარტონი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს; სწორედ ასე იყო 2018 წელსაც, როდესაც პირველი კვლევა ჩატარდა. მაშინ, მკვლევრები, რომლებიც სამუშაოებში არ იყვნენ ჩართული, შიშობდნენ, რომ შესწავლილი ნემატოდები შეიძლება თანამედროვეობით ყოფილიყვნენ „დაბინძურებული”.

აშშ-ის ბირგამ იანგის უნივერსიტეტის ბიოლოგი ბაირონ ადამსი, ამ სკეპტიკოსებს შორის ერთ-ერთი იყო და არც ახლაა დარწმუნებული კურცხალიასა და მისი კოლეგების ნაშრომში.

„სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ მათ მიერ აღწერილი ცხოველები გაყინულ ნიადაგში 40 000 წლის განმავლობაში გადარჩნენ. ფსონების მოყვარული რომ ვიყო, დავდებდი, რომ ეს მართლაც ასეა, რომ ეს ჭიები მართლაც ამ ასაკისაა”, – ამბობს ადამსი.

ადამსი ირწმუნება, რომ ამ კვლევაში მოცემული ანალიზი ჭიების ასაკს კი არ ადასტურებს, არამედ მცენარეული მასალისას, რომელიც მათთან ერთად იპოვეს.

„ეჭვი არ შემაქვს გაყინულ ნიადაგში ნაპოვნი ორგანული მასალის ასაკში. ეს ალბათ მართლაც ასეა”, – აღნიშნავს ადამსი.

მისივე განცხადებით, ავტორებმა არ იმუშავეს იმ მიმართულებით, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ცხოველები უბრალოდ ზედაპირის დაბინძურების შედეგს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ასაკის დადასტურების ერთ-ერთი გზა იქნებოდა იმ მიდამოს მიწის ნიმუშის აღება და დადასტურება, რომ მათში ნაპოვნი ნემატოდები იმ სახეობებს არ ეკუთვნის, რომლებიც გაყინულ ნიადაგში ბინადრობენ.

Cesko