რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ოლიგარქმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მან ისაუბრა ნავთობპროდუქტების მთავარი მილსადენის “სამარა – დასავლეთი მიმართულების” ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან მოხსნის სქემაზე, რათა შემდგომში მასში დიზელის საწვავი გაეტარებინათ.
„იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და, ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების შესრულება… სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი – ყველა იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის”,- განაცხადა მედვედჩუკმა.
მედვედჩუკის განცხადებით, მილსადენის საკითხით ის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს თხოვნით იყო დაკავებული. მისივე ინფორმაციით, მილსადენის ერთწლიანი მუშაობის შედეგად მისმა მფლობელებმა ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე მის გამოსყიდვაში იყო გადახდილი – ეს შეადგენდა დაახლოებით 42 მილიონ აშშ დოლარს.
2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მილსადენით დიზელის გადატუმბვა შეწყდა.
მედვედჩუკმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში ეგრეთ წოდებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის შექმნაზე, პრაქტიკულად ბოევიკების ლიდერებისგან.
„ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატის უმაღლესი დონე, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და მათ, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას”, – განაცხადა მან.
მედვედჩუკმა დაკითხვისას დაასახელა უკრაინის ინტერესების შელახვაში მონაწილე ჩინოვნიკების კონკრეტული გვარები – ყოფილი თანამდებობის პირები, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
წყარო: „interpressnews.ge“