ჩინეთის მთავრობას Starlink-ის კონკურენტის შექმნა სურს

0
293
20 Views

ილონ მასკის კომპანია Starlink-ს შეიძლება სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. SatNet — ალბათ ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ მას მხარს ჩინეთის მთავრობა დაუჭერს. შესაბამისად, სტარტაპი სატელიტური ინტერნეტის შემუშავებაზე სერიოზულ მუშაობას იწყებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  

Starlink-მა თავი უკვე რამდენიმეჯერ გამოიჩინა. როდესაც კუნძულ ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევამ სერიოზული საფრთხე გააჩინა და როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მასკის კომპანიამ რეგიონები ინტერნეტით მოამარაგა.

Starlink-ის შედეგების გამეორება სხვა კომპანიებმაც ცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამის ფონზე, SatNet-საც გაუჭირდებოდა Starlink-ის კონკურენცია, თუმცა აქ ერთი დეტალია – სტარტაპს ჩინეთის მთავრობა დაეხმარება.

კოსმოსური რბოლა

ჩინეთი აშშ-ს ბევრ რამეში ეჯიბრება, მათ შორის კოსმოსის ათვისებაშიც. ჩინელები თავიანთ კოსმოსურ სადგურს აშენებენ, მეტიც, მათ მთვარეზე ბაზის შემუშავებაც აქვთ გადაწყვეტილი. და, აი, ახლა, როგორც ჩანს სატელიტური ინტერნეტის ჯერიც მოვიდა.

შეფასებებით, სატელიტური ინტერნეტის ბაზარი ათწლეულის ბოლოსთვის 22,27 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მეტიც, წლიური ზრდა 13,6 პროცენტი იქნება. სატელიტური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად მოიმატებს და უახლოეს მომავალში 110 მილიონამდე გაიზრდება.

9 ივლისს, SatNet-ის თანამგზავრის პროტოტიპი წარმატებით გაუშვეს. თანამგზავრი ახლა ორბიტაზეა და მასზე დაკვირვებები მიმდინარეობს.

Cesko