“წამებში გამოვასწარი და გადავურჩი სიკვდილს…ღმერთი ყოველთვის გაძლევს შანსს”- რას აცხადებს ლალი მოროშკინა

0
6867
19 Views

ლალი მოროშკინას ცხოვრებამ უამრავი დარტყმა მიაყენა, ისე, რომ რამდენიმეჯერ მოუხდა თავიდან დაწყება. იყო იმედგაცრუება და ურთულესი ეტაპები, თუმცა, არ დაცემულა და იმედი არასოდეს დაუკარგავს. თუ როგორ ჩააბარა მან ცხოვრებისეული გამოცდები, რა იყო მისთვის ყველაზე რთულად გადასატანი და ცხოვრების რა ეტაპზეა ახლა, ამას, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლალი მოროშკინა: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი თავგადასავალი, ბევრი ცხვირის წამტვრევა, როგორც ჭკვიანი ებრაელები ამბობენ: ცხოვრების დასაწყისში არ უნდა გაგიმართლოს, იმისთვის, რომ გაზულუქებული არ მიხვიდე ცხოვრების ბოლომდე. მე, საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შემხვდა და მიმაჩნია, რომ ამან გამაძლიერა, მაქცია ძალიან ძლიერ ადამიანად, უკვე ცხოვრების მეორე ნახევარში. ცხოვრების პირველ ნახევარში ასეთი ნამდვილად არ ვიყავი. თუმცა, ყველა დაბრკოლების მერე კატასავით ვდგებოდი, ზურგზე არასოდეს ვვარდებოდი. ეს არის მთავარი, რაც ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს. ყველა განვითარებას დასაწყისში აუცილებლად ახლავს რთული პერიოდი და გამოცდა. ღმერთი ყოველთვის გაძლევს შანსს, შენი თავი გამოსცადო და ღმერთი იპოვო. მე ბევრჯერ მქონდა მსგავსი სიტუაცია და რომ არა რწმენა, უბრალოდ, ფეხზე ვერ დავდგებოდი, თუნდაც, ფიზიკურად, მაგალითად, ურთულესი ავარიის შემდეგ. რომ არა რწმენა, დღესაც ეტლზე ვიქნებოდი მიჯაჭვული. რომ არა რწმენა, ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და თუ ამ გზაში ღმერთი ვერ იპოვე და ჩათვალე, რომ შენ არ გიმართლებს და მორჩა, ეს ანტიღმერთის გზაა.

– ანუ, მიგაჩნია, რომ ცხოვრებისეული ურთულესი გამოცდები წარმატებით ჩააბარე?

– ახლა, შემიძლია, დასკვნა გავაკეთო და გეტყვით, რომ ორმოცდაათი წლის ადამიანს უნდა შეეძლოს, გადახედოს ცხოვრებას. რაც მე გაგონილი მაქვს: უნდა გააჩინო შვილი, დარგო ერთი ხე მაინც და ააშენო სახლი, ამას თუ მივყვებით, ზედმიწევნით შევასრულე – სახლებიც ავაშენე, შვილებიც გავაჩინე და ხეებიც დავრგე (იცინის). ასე რომ, თუ ამ აზრს გავყვებით, ცხოვრებისეული გამოცდები წარმატებით ჩავაბარე.

– და მაინც, როდის იდგა შენთვის ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც თითქოს, სამყარომ ზურგი გაქცია და ცხოვრებამ ყველაზე მძაფრი ფსიქოლოგიური ან, თუნდაც, ფიზიკური დარტყმა მოგაყენა?

– როცა დილეგში ვიყავი, მისინჯავდნენ კბილს, რქას, ნერვს, გამძლეობას და ასე შემდეგ, თხუთმეტი დღე ვიყავი უშუქოდ, საჭმლის გარეშე, ადვოკატის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო და იყო მეორე რთული პერიოდი, რეაბილიტაცია ავარიის მერე, როცა ექიმები შანსს არ მაძლევდნენ… ამასთან შედარებით, ყველაფერი დანარჩენი წვრილ-წვრილი ტკივილებია. ეს იყო პირდაპირ ეგზისტენციალური საფრთხე, როცა ან გადარჩები, ან – არა.

სიკვდილს ბევრჯერ გადავრჩი და თავიდან დავიბადე.

ზოგადად, მგონია, ყველა ადამიანი ყოველდღე იბადება. ყოველდღე შეიძლება, რაღაც მოხდეს, წამში შეიცვალოს შენი ცხოვრება.

ამას წინათ, დილაუთენია მოვდიოდი კახეთში და დილის შვიდ საათზე საოცარი ღვარცოფი წამოვიდა, ისეთი, რომ ჩაიტანა ნახევარი მთა. ფაქტია, წამებში გამოვასწარი და გადავურჩი სიკვდილს.

შეიძლება, ჩახვიდე აუზში და ვეღარ ამოხვიდე. ანუ, სულ მგონია, ღმერთის ხელი ურევია, რამდენი ხანი უნდა კიდევ გამყოფოს აქ და არ ჩაგიხუტოს და არ წაგიყვანოს იქ. სხვათა შორის, ამასაც მარტივად ვუყურებ. სიკვდილთან უნდა იმეგობრო. სიკვდილი გარდაუვალია, სამუდამოდ ხომ ვერ დავრჩებით ცოცხალი?

– ანუ, ბედისწერის გჯერა? რომ ამბობენ, ადამიანს დაბადების მომენტში ეწერება შუბლზე თავისი ბედისწერაო.

– მჯერა და კორექციის ბედისწერისაც. ადამიანს შეუძლია, თავის ბედისწერაში რაღაც მაინც შეცვალოს. როგორც ზღაპრებშია ერთი, მეორე და მესამე გზა და შენი ასარჩევია, საით წახვალ, ანუ, ბედისწერა არ არის აპრიორი, რომ ხვალ ეს მოხდება და გარდაუვალია. არა! შენ შეგიძლია, შენი სურვილით, ლოცვით, სიყვარულით, დამოკიდებულებით ადამიანის და სამყაროს მიმართ, შენივე ბედისწერა შეცვალო. უბრალოდ, არის რაღაცები, რაც არ გამოგდის და მას თავი უნდა აარიდო. ვთქვათ, ოჯახური დოგმები.

– ეს უნდა მეკითხა და დამასწარი. სიყვარულში, უფრო სწორად, ოჯახურ თანაცხოვრებაში, რამდენიმეჯერ არ გაგიმართლა და ესეც ბედისწერის ბრალია?

– უკვე ვიცი, რომ არ უნდა გამიმართლოს სიყვარულში, თუმცა მიმართლებს ბიზნესში, საქმიანობაში, გამიმართლა შვილებში, შვილიშვილებში, მშობლებში, და-ძმაში, სამყაროში. ამიტომ, რაშიც არ გიმართლებს, იმას თავი უნდა დაანებო. გაგიხარდეს სხვისი სიხარული და ოჯახური სითბო და სიამტკბილობა. მე მივხვდი, რატომ არ მიმართლებს.

– რას მიხვდი, თუ საიდუმლო არაა?

– მივხვდი, რომ, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში ამის დრო არ არის. შეცდომაში უნდა შეიყვანო ადამიანი, რომელიც შენ მიმართ კარგად არის განწყობილი და გადააწყვეტინო შენთან თანაცხოვრება და მერე უთხრა, მოდი რა, საქმე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვისო. ვგიჟდები, ისე მომწონს ჩემი საქმიანობა, ძალიან მომწონს. ვერცერთი კაცი ვერ გაგიგებს, რატომ უნდა იცხოვრო სიღნაღში, მთელი ღამე მუშაობდე და სულ, მუდმივად დაპირისპირებაში იყო. მაგრამ, ჩემთვის ეს ბობოქარი ცხოვრება ნორმალურია. შესაბამისად, გამოირიცხა ადამიანი, ვის გვერდითაც შეიძლება, რომ თანავიცხოვრო. ჩემს ასაკში იმაზე ლაპარაკი, რომ კიდევ გავთხოვდე, საერთოდ ზედმეტია.

– ეს ეხება ქორწინებას თუ თანაცხოვრებას? გვერდით საყვარელი მამაკაცის ყოლა ხომ ყველა ქალისთვის აუცილებელია?!

– როგორც წესი, თანაცხოვრებაც არ გამომდის. აღმოჩნდა, რომ საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოლა არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

– მითხარი, ბედისწერის კორექცია შეიძლებაო, სცადე, ეს პირად ურთიერთობებში?

– არ მიცდია, რადგან მე არ მინდა, არ მჭირდება, არ მაქვს ამის დრო. მე მაქვს ზუსტად განსაზღვრული, რა უნდა მოვასწრო წლების განმავლობაში. ჩემი პასუხისმგებლობები მაქვს, დიდი ოჯახი – შესანახი, აღებული მატერიალური პასუხისმგებლობა – ბანკთან ანუ მე მარტივად არ მომდის არაფერი. ჩემთვის არავის დაუტოვებია ქონება და არც ლანგრით მომართმევს ვინმე რამეს, ფეხი ფეხზე გადადებული რომ ვიჯდე. მე მაქვს გათვლილი, რომ მყოფნის ათი წელი პენსიამდე იმისთვის, რომ გადავფარო ბანკი.

არ ვთვლი, რომ საპენსიო ასაკში გადასაგდებია ადამიანი. მთელს მსოფლიოში პენსიონერები ერთობიან, მოგზაურობენ, დროს ბედნიერად ატარებენ. ასე რომ, ვცხოვრობ, როგორც ევროპელი – ვმუშაობ ახლა ბევრს, რომ პენსიაზე გასულმა დავისვენო.

– ესე იგი, საპენსიო ასაკისთვის ემზადები.

– რა თქმა უნდა, საპენსიო ასაკისთვის ვემზადები და რაც უფრო ადრე დაიწყებთ მზადებას, უფრო ღირსეულად იქნებით მომავალში. ვიღაცას ძალიან ემოციური ვგონივარ და ისეთი, უცებ რომ იღებს გადაწყვეტილებებს.

– როგორც შენი საუბრიდან მივხვდი, ყველა დეტალის წინასწარ დაგეგმვა გიყვარს.

– მე შემიძლია, რაღაც უცებ შევცვალო, რადგან სხარტი გონება მაქვს, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს, მაგალითად, კონფლიქტური ან კრიზისული. კრიზის მენეჯერი ვარ, მომენტალურად ვცვლი სიტუაციას. ეს ბევრჯერ, დამეხმარა ბიზნესში. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პროგრამა, მინიმუმები და მაქსიმუმები. ვიცი, რომ აქედან აქამდე ეს უნდა გავაკეთო. ღმერთს ვთხოვ ხოლმე, რაც დავგეგმე, ბოლომდე მიმაყვანინოს.

– ლალი, როგორ ფიქრობ, ცხოვრების რა ეტაპები გაიარე და ახლა, რა ეტაპზე ხარ?

– გავლილი მაქვს სიყვარულის, შვილების გაჩენის, ოჯახური ბედნიერი მომენტების ეტაპები და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო ჩემს ცხოვრებაში. გავიარე პოლიტიკური ბრძოლის პერიოდებიც. ახლა, მაქვს პერიოდი, როცა ჩემს ბიზნესს ვაშენებ. სიმშვიდე როგორ შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც პარალელურად ორი ბიზნესი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის შფოთი. ბიზნესი ვისაც ჰქონია და აქვს, იცის, რომ ეს არის ყოველდღიური ფიქრი, ყოველდღიურად რაღაცის კეთება, ყოველდღიურად ადამიანებთან ურთიერთობა და არაფერი არ შეიძლება იყოს დაგეგმილად და მშვიდად. რომ ვთქვა, რაღაცაზე განსაკუთრებულად ვნერვიულობ-მეთქი, არა. ჯერ ერთი, სიმართლე რომ ვთქვა, ბევრ რამეზე უკვე აღარ ვნერვიულობ. ძალიან ბევრი რამ ჩემთვის სულერთი გახდა. როცა სოციალურ ქსელში პოლემიკას ვხედავ, სულ ვფიქრობ: ნეტაი, თქვენ, რა… სულ ვფიქრობ, ნეტავ რა უნდათ? იყო ჩემს ცხოვრებაში ქვების შეგროვებისა და მერე, მისი სროლის პერიოდიც. შენ თუ არეული გაქვს და სულ ქვებს ისვრი, ესე იგი, ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი.

– ბედნიერი ქალი ხარ?

– რა თქმა უნდა, ბედნიერი ქალი ვარ და ცხოვრების ყველა ეტაპზე ასეთი ვიყავი. ძალიან მიკვირს ქალების, თუ ვერ ნახეს ადამიანი, რომელთანაც ას წელს, სტაბილურად ერთად გეგმავენ და ამბობენ, უბედური ვარო. მე, მადლობელი ვარ ჩემი პირველი და მეორე მეუღლის. ერთი გარდაცვლილია და მეორე ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ჩვენ ბიზნესშიც ერთად ვართ და ყველა დღესასწაულზეც. ბედნიერი ქალი ვარ, რადგან ვუყვარვარ შვილებს, პატივს მცემენ. დედა მყავს ცოცხალი და როგორ შეიძლება, ვიწუწუნო რამეზე, არაჩვეულებრივი ძმა და დები. წელს დეიდა გავხდი – დას გაუჩნდა ნანატრი მეორე შვილი… ანუ, ბევრი წვრილ-წვრილი, ლამაზი, პატარ-პატარა ქალური ბედნიერებებია ჩემ გარშემო. არის პერიოდები, როცა ვიცი, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაცა შორიდან მაკვირდება და მიყურებს, ვიღაცის ინტერესის სფერო ვარ. თავწაკრული დედაბერივით ხომ არ ვზივარ? (იცინის) საერთოდ აღარ მაინტერესებდეს არაფერი, ასეც არ არის.

წყარო: tbiliselebi.ge/

Cesko