მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.
მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს კინორეჟისორი, მარიამ ხაჭვანი:
“საშინელი ღამე იყო უშგულში… ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს… ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან…
ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი… არ დაგვიჯერებია…
დედიკომ თქვა ცუდი ამბავი რომ იყოს, კივილი მოგვესმებაო. სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო. ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო რა ხდებოდა. ვიდექით და ვუყურებდით საით მიდიოდა ჩვენი მანქანა.
ვიყურებით ფანჯრიდან საიდანაც მთელი უშგული მოჩანს. ყველა ეზოდან მანქანა გამოდიოდა და ქვევითკენ მიდიოდა ძნელი გამოსაცნობი არ იყო რო რაღაც საშინელება ხდებოდა. და აი თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები – გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად, საძებნელად, ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა.
როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს “დედე”-ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპატიური ხარ-თქო, ჩემს ნათქვამზე ეცინებოდა.
არა არ მეჩვენებოდა სხვანაირები იყვნენ… და სხვანაირების ადგილი კი, ალბათ, არ არის ამ ცოდვილ მიწაზე…” – დაწერა მარიამ ხაჭვანმა.