ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდებს ემშვიდობებიან. სვანეთში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ნიჟარაძეა, ხოლო, მეორე, გიორგი რატიანი.
„შეხედე, სიკვდილო, შეხედე და იამაყე… წუთისოფელო, წუთიც აღარ დარჩი… წამად იქეცი… თვალის გახელა და დახუჭვა, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა წამი გაუხადე ჩემს ძმებს, შეგრცხვეს!!! გეტყვი სიკვდილო, როგორი მხდალიც აღმოჩნდი… დღისით, მზისით ვერ შეჰბედე ჩემს მთასავით ძმებს, ღამით, უკუნეთ სიბნელეში გზად აადევნე შენი ანგელოზი, ზურგიდან მიაპარე… შეგრცხვეს!!! ღამევ, როგორ შეგეძლო და სიკვდილს როგორ შეუწყვე ხელი გზად გემუხთლათ და მახე დაგეგოთ ჩემი ძმებისთვის… შეგრცხვეთ!!! ბედისმწერალო, როგორ შეგეძლო ამ ტრაგედიის დაწერა, ნუთუ ხელი არ აგიკანკალდა, ნუთუ არაფერი ღირებული არ გატოკებულა შენს გულსა და გონებაში, როცა ამ საზარელ სცენარს წერდი… შეგრცხვეს!!!
ენგურო, მარად მჩქეფარევ, შლეგო და დაუცხრომელო, როგორ აბანავე შენს ტალღებში ჩემი მთა ძმები, მათი უკანასკნელი ამოძახილი შენი ტალღების ხმაურმა შთანთქა… იამაყე, რომ ეს ბედნიერება გხვდა წილად, შლეგო!!!
მიწავ, როგორ შეგიძლია ჩემი მთა ძმები დაიტიო და უცვლელი ბინა დაუდო.. როგორ შეგიძლია.. ვერ შეძელი, ვერ გაუმკლავდი მათ ღირსეულ ცხოვრებას, წესიერებას, პატიოსნებას, სულიერ და ხორციელ აღზრდა-განათლებას, მათ კეთილ საქმეებს, მათ სიცოცხლით აღსავსე თვალებს და მზეღიმილებს… ვერ გაუმკლავდი, ვერ აიტანე, მძიმე აღმოჩნდა შენთვის!!!
ანუგეშე უფალო, დედა და მამა, რომლებმაც შვილების დაღუპვით გამოწვეული ტკივილი იგემეს… ანუგეშე დედმამიშვილები, ახლობლები, მეგობრები, ანუგეშე ყველა, გვანუგეშე, უფალო…
შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ, სიკვდილო იმიტომ, რომ მხდალი ხარ და ადამიანს ზურგიდან ეპარები, ზოგჯერ სიბნელეში… შეგრცხვეს!!!
და მაინც… იამაყე სიკვდილო, რადგან უსაშველო ჭრილობისა და ტკივილის მიყენება შეგიძლია ადამიანისთვის, დაუნდობელო… თუმცა ვერასოდეს გაიმარჯვებ სიცოცხლეზე, შენ ვერ გაიმარჯვე ჩემს ძმებზე და მათ ღირსეულ, ხანმოკლე, მაგრამ დიდებულ ცხოვრებაზე!!!“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭების ახლობელი.