“სისხლში დაუდგინდა დარიშხანი, მოწამვლის ადგილმდებარეობა იყო…”  ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს?! – რა ინფორმაცია ვრცელდება

July 6, 11:14
0
2155

თანამოსაყდრის მკვლელობის მცდელობა – “მთავარი არხისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. ამ ინფორმაციას ჩვენ კონფიდენციალური წყაროები გვაწვდიან და გვიყვებიან მომხდარის დეტალებს. დიდი ალბათობით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

მკვლელობის მცდელობის ნამდვილობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოც და საგამოძიებო ორგანოებიც მალავენ ინფორმაციას, ჩვენთვის ცნობილია, რომ საპატრიარქოში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა გამოძიების ფარგლებში.

შიდა მოკვლევა აქვს დაწყებული თავად ეკლესიის მმართველ ორგანოს. რამდენიმე მეუფე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ სმენია თანამოსაყდრე შიოს მოწამვლის მცდელობის შესახებ.

თეოლოგი ზვიად ციბაძე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი   მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა და მიზანი მისი საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილებაა.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრეს სისხლში დარიშხანი აღმოაჩნდა და ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებაში საპატრიარქოსთან ერთად, უშუალოდ იყო ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე

რაც შეეხება შესაძლო მოწამვლის ადგილს, თეოლოგის ინფორმაციით, ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი:

”საპატრიარქოს ტაძარში მსახურების შემდეგ მოსაყდრემ თავი შეუძლოდ იგრძნო და მან მიმართა ექიმებს. ჩაუტარდა მას გამოკვლევა და ანალიზების მიხედვით მოსაყდრეს სისხლში დაუდგინდა დარიშხანი. ამის შემდეგ სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ ეს ამბავი ყოფილიყო გასაიდუმლოებული და ღამის საათებში ანზორ ჩუბინიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ისინი მიდიან სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ საკურთხეველში და ატარებენ კვლევებს, რომ აღმოეჩინათ ამა თუ იმ ლიტურგიკულ ნივთზე  დარიშხანის კვალი. შემოწმებული იქნა მოსაყდრე შიოს პირადი ნივთები დეტალურად.

როგორც ჩანს დადგინდა მისი მოწამვლის ადგილმდებარეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს ტაძარი. დღეს უკვე აღარავინ აღარ მალავს იმ ინფორმაციას, შიდა სივრცეებში, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწამლულია. როგორც ჩანს ახალი დავალებებია მიღებული და ერთ-ერთი დავალება გახლავთ ის რომ, როგორმე იქნას ჩამოცილებული შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტს… შიო მუჯირის ლიკვიდაციის გეგმა მოსკოვის გვერდის ავლით ვერ განხორციელდებოდა.”

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

“დადასტურებული არ არის”, – აცხადებს ჯაღმაიძე „ტაბულასთან“.

მისივე განცხადებით, საჯაროდ “მრავალი უზუსტობა ითქვა”.

 

Cesko