უროლოგი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, როგორ მოქმედებს მარიხუანას მოხმარება სპერმატოგენეზზე და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას:
– მარიხუანას მოხმარება სპერმატოგენეზზე სერიოზულ გავლენას ახდენს. უამრავი მნიშვნელოვანი პუბლიკაციაა, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ მისი გამოყენება დნმ-ისა და რნმ-ს სტრუქტურაზე მოქმედებს. იწვევს გენურ მუტაციებს, სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას. ჩვენთან მოსული პაციენტების 80-85% მარიხუანას მომხმარებელია და ანამნეზში ამაზე საუბრობენ. მასიობრივი ხასიათის მოვლენაა. როდესაც მათ ვესაუბრები და ვუხსნი, რა გავლენას ახდენს ერექციის ფუნქციასა და დისფუნქციაზე, ასევე შვილოსნობაზე, მათთვის ეს აღმოჩენაა. ეს ისეთი თემებია, რომელთა გამოც საზოგადოებამ განგაშის ზარი უნდა ჩამოკრას. ამაზე დღეს გაჩუმება აღარ შეიძლება. დემოგრაფიულ სიტუაციას მთლიანად ცვლის. სოციოლოგიურ კვლევებში ასეთი რაღაცები აღნიშნული არ არის. ადამიანებს, რომლებიც მოდიან, მიაჩნიათ, რომ ეს არაფერია. ასეულობით, ათასობით პაციენტის მონაცემზე ვლაპარაკობთ. მარიხუანა, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, არანაირად არ უნდა განვიხილოთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უწყინარია და არაფერზე ახდენს ზეგავლენას. ეს აბსოლუტური ტყუილია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ისეთი პაციენტი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც, სპერმატოგენეზზე სერიოზულ გავლენას სხვადასხვა პრეპარატის, ე.წ. ანტიდეპრესანტების მიღება ახდენს, რომელსაც ასევე მასობრივი ხასიათი აქვს. რიგი ანტიდეპრესანტები შესაძლებელია, აფთიაქში უპრობლემოდ შეიძინო. ეს არის ისეთი თემები, რომლებზეც სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ამ პროცესში, სამწუხაროდ, ქალები, გოგონებიც არიან ჩართულები და ამას მასიური ხასიათი აქვს.
წყარო: mshoblebi.ge