შევისწავლოთ ევროკავშირისგან მხარდაჭერილი მოლდოვას გამოცდილება, სადაც ოპოზიციური პარტია აკრძალეს – „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს არსებობა!

0
287
26 Views

„მოლდოვამ, რომელიც გამოცხადებულია დემოკრატიის შუქურად დასავლეთის მიერ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია „შორი“ გააუქმა – შევისწავლოთ და გავაზიაროთ მისი გამოცდილება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც საქართველო წარმატებას აღწევს მთელი რიგი მიმართულებებით, ქართული ოპოზიცია უკრაინაში ქალებისა და ბავშვების მხოცველ ევგენი პრიგოჟინს გულშემატკივრობს.

„აქ ლაპარაკი იყო სპორტში წარმატებებზე: მსოფლიო პირველობაზე გავიდა რაგბის დიდი და პატარა ნაკრებები; აგერ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში საოცარ წარმატებებს მიაღწია; სუმოისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ; ძიუდო და ა.შ – უამრავი ასეთი წარმატება გვაქვს. ეს არის ის ეროვნული სიამაყე და თავმოყვარეობა, რომელიც ჩვენს ხალხში გაჩნდა, ამან გამოიწვია და ხელი შეუწყო იმ წარმატებას, რომელიც დღეს სპორტში არის.

ამ დროს რას აკეთებს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც მართლა ეროვნულ გმირს, ლაშა ტალახაძეს აგინებს, ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებს? ლექსებს უძღვნის ევგენი პრიგოჟინს (როგორც თვითონ უწოდებენ – ჟენიას), რომელსაც მოუწოდებენ რაღაც გამარჯვებებისკენ. ახალი ნარატივიც შემოგვთავაზეს, რომ თურმე ორი რუსეთი ყოფილა – კარგი რუსეთი, რომელიც პრიგოჟინის არის და ცუდი – პუტინის რუსეთი. პრიგოჟინი, რომელიც ყველაზე სასტიკი მწამებელი იყო უკრაინაში, რომელიც ქალებსა და ბავშვებსაც კი ხოცავდა, ანგრევდა ყველაფერს – ეს გახდა ამათი კუმირი, მის სახელზე ანთებენ სანთლებს, ლექსებს უწერენ და გამარჯვებებისკენ მოუწოდებენ. ეს მათი ორმაგი სტანდარტია. ამის მერე აღარ გვიკვირს ის, რომ ამკვიდრებენ ტერმინებს – „რუსული კანონი“, „რუსული მთავრობა“, „რუსული პოლიტიკა“ და ა.შ. ამ ფონზე, თვითონ მშვენივრად იღებენ რუსულ რუბლებს ოკუპანტი ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტისგან; სახლებს აქირავებენ რუს მდგმურებზე და ა.შ. “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაიხსენა „ნაცმოძრაობის“ დროინდელი დანაშაულები და აღნიშნა, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს რეფორმებსა და ზოგადად, დემოკრატიაზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„ნაცი“ ყოველთვის „ნაცად“ რომ რჩება ამის კარგი მაგალითი იყო რეფორმების ჯგუფის გამოსვლა. ისევ რეფორმებზე რომ ლაპარაკობენ, მაშინ, როდესაც, 2008 წელს მათ მიერ რეფორმირებულ სასამართლოში 18 000 სისხლის სამართლის საქმე იყო განხილული და მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო. მსგავსი სტატისტიკა არ ექნება ჩრდილოეთ კორეას და არ ჰქონდა სტალინს – 1937 წელს. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი სტატისტიკა; როდესაც ციხეებში აწამებდნენ ადამიანებს; როდესაც საკუთრებას ართმევდნენ ნებისმიერ ადამიანს; როდესაც იმ, დაახლოებით, 9 წლის განმავლობაში სტრასბურგში 10 000 საქმე წავიდა და უფრო მეტი მიდიოდა მათი მმართველობის ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის განმავლობაში შევიდა; როდესაც მათი მმართველობის პერიოდში ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჩაიცხრილა; 800-ზე მეტი ადამიანი მოკვდა ციხეებში და ა.შ. ეს იყო მათი მმართველობა და დღეს ჩვენ რაღაც რეფორმებზე გველაპარაკებიან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი მოლდოვაში არსებულ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მხარდაჭერილ ქვეყანაში ოპოზიციური პარტია გააუქმეს, რა გამოცდილებაც შესაძლოა საქართველომაც გამოიყენოს, თუკი ის დემოკრატიის ფარგლებში ჯდება, რადგან, ფაქტია, მოლდოვას დასავლელი პარტნიორებისგან ამის გამო კრიტიკა არ დაუმსახურებია.

„დღეს საქართველოში ყველა ლაპარაკობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და საბოლოოდ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არსებობდა აღმოსავლეთის ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და გაიყო ეს ტრიო – უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ჩვენ კი გვითხრეს, რომ თურმე რაღაც დავალებები გვაქვს შესასრულებელი. მგონი, გავიგეთ, რა დავალება გვაქვს შესასრულებელი – მოლდოვამ მოგვცა ძალიან კარგი მაგალითი. მოლდოვამ, რომელიც გამოცხადებულია დემოკრატიის შუქურად დასავლეთის მიერ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია – „შორი“ გააუქმა. წავიკითხავ, რა განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე, 19 ივნისს, პარტიის გაუქმების განაჩენის გამოცხადებისას: „იუსტიციის სამინისტრო დანიშნავს კომისიას პარტია „შორის“ გასაუქმებლად.

კომისია გაატარებს ყველა საჭირო ზომას პარტიის გასაუქმებლად და იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრიდან მის წასაშლელად.“ ევროპამ ტაში დაუკრა და უთხრა, რომ დიახ, ეს არის დემოკრატია. უკრაინის მაგალითს აღარ მოვიყვან, რომელმაც ძალიან ბევრი პარტია გააუქმა; ძალიან ბევრი ოპოზიციური არხი დახურა; ძალიან ბევრი ჟურნალისტი დააპატიმრა, ბევრი პოლიტიკოსიც დააპატიმრა – უკრაინაში ომია და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იქ სხვა თამაშის წესები მოქმედებს.

მაგრამ, ოპოზიციური პარტია გააუქმა მოლდოვამ, რომელსაც საზღვარი არ აქვს უკრაინასთან; ქვეყანამ, რომელიც გეოგრაფიულად, ტერიტორიულად, უშუალოდ, ევროპაშია და რომლის ხელისუფლება ევროკავშირის მხრიდან არის მხარდაჭერილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია ყვავის; მიუხედავად იმისა, რომ იქ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. თუ ეს არის ევროკავშირში შესვლისთვის მწვანე ბარათი, ამ შემთხვევაში, ჩვენც შეგვიძლია იგივე მაგალითის გადმოღება.

ზოგიერთი კოლეგა აქ ლაპარაკობდა, რომ ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების შესწავლასა და მხილებაშიო, კარგი იქნება თუ ისინი შემოგვიერთდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული მოწოდებაა და ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ დანარჩენ კოლეგებს მოვუწოდებ – კარგად შევისწავლოთ მოლდოვას გამოცდილება და გავიზიაროთ; კარგად შევისწავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული დანაშაულებრივი საქმიანობა და შემდეგ უკვე შესაბამისი სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

რადგან ეს არის ევროკავშირისკენ გზა, შესაბამისად, ჩვენც მივიღოთ გადაწყვეტილება და იმ დანაშაულებრივმა პარტიამ, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა საქართველოში, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ხელი შეუწყო, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები კოდორის ხეობაში, ცხინვალის რეგიონში დაუცველად დატოვა; რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სარჩელები მოგვეგო ჰააგასა და სტრასბურგში და ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, ეს საქმეები წაგებული გვექნებოდა – ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს არსებობა!“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Cesko