„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ამით რა შეიცვლება „ნაცებისთვის“ და რა – ქართულ პოლიტიკაში?
– მიშა როდის იყო წასული პოლიტიკიდან? პოლიტიკოსია პიროვნება, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთ გავლენას მიშა სააკაშვილი ყოველთვის ახდენდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე – უკრაინიდანაც, ტრაილერიდანაც, ციხიდანაც და კლინიკიდანაც. ცხადია, მეტ–ნაკლები წარმატებით, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მიშას ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არასდროს მოხსნილა. შესაბამისად, მიშას პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი ძალიან პირობითი საკითხია. მე ვფიქრობ, ეს საჯარო განაცხადი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ იმისთვის დასჭირდა, რომ მისი პარტია იშლება. ფაქტიურად, ეს აშკარად ჩანს კიდეც. რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, პარტია ორად არის გაყოფილი. გამოჩნდა, რომ არ შეიძლება ასეთი პიროვნება იყოს თავმჯდომარე იმ ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც ამხელა ამბიციები და გეგმები აქვს. პარტიის შიგნით დიდი დაძაბულობაა, დაპირისპირების გრადუსია მაღალი და ახლა ცდილობენ შიდაპარტიული კონსოლიდაცია მოახდინონ. ამის გაკეთება კი შეუძლია მხოლოდ მიშას. ჩემი აზრით, ამისთვის დასჭირდა ეს ტაქტიკური განცხადება, რათა შეეცადოს პარტიის შენარჩუნებას. ამ გზით კი, ვფიქრობ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, მაგრამ გარკვეულ დროს კი მოიგებს საიმისოდ, რომ რაიმე ტიპის რეორგანიზაცია ჩატარდეს პარტიაში. ვნახოთ, ეს გეგმა როგორ განხორციელდება. ამას მიშას შემდგომი ნაბიჯები გამოაჩენს.
– ოფიციალურად გაცხდებულად მიშას დაბრუნება, როგორც თავად „ნაცები“ ვარაუდობენ, არჩევნებზე მეტ ხმებს მოუტანს პარტის, რადგან მიშას თავისი პერსონალური ამომრჩეველი ჰყავს. ისე, მართლა ასეა – არის ხალხი, ვინც მიშას აძლევს ხმას და მიშას გარეშე დარჩენილ „ნაცმოძრაობს“ – არა. თუმცა, აქ მეორე მომენტიც არის – „ქართული ოცნების“ ის ამომრჩეველიც გააქტიურდება, რომელიც პერსონალურად მიშას ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით მისცემს ამ პარტიას ხმას. ქართულ პოლიტიკაში ნიუტონის მესამე კანონი მუშაობს – ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება. თქვენ რას ფიქრობთ?
– კი, ასეა და ეს არის „ნაციონალების“ პრობლემა. მიშას გააქტიურებამ, შესაძლოა, „ნაციონალების“ ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდინოს, მაგრამ უფრო სერიოზული მობილიზაცია მოხდება საწინააღმდეგო ფლანგზე, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც. მიშა ბიძინასთვის „უნივერსალური ჯარისკაცია“, რომლის აქტიურობა მუდამ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ყველა საარჩევნო ციკლში და მაშინაც, როდესაც არჩევნები არ არის. მეორეს მხრივ, სხვა რა უნდა ქნას მიშამ? ის ხედავს ამას, იცის, რომ დიდ სურათში მისი აქტიურობით მისივე პარტია ზარალდება და მოწინააღმდეგე მხარე ხეირობს, მაგრამ პარტიის გადასარჩენად, იძულებულია, ისევ გააქტიურდეს. სხვა გზა არ აქვს. მარალი ხართ, ნიუტონის კანონი მუშაობს ამ შემთხვევაში –„ნაცების“ ქმედება, ამ შემთხვევაში მიშას გააქტიურება, გამოიწვევს მოწინააღმდეგე მხარის– „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უფრო გაააქტიურებას.
– პოლიტიკის გამო ჩხუბის მეტი რა მინახია საქართველოში, მაგრამ რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, მართლა ამაზრზენი იყო. ირაკლი კობახიძემ „ზონდერებს“ სტუდენტები აცემინა იმის გამო,რომ მას უნივერსიტეტში რუსული რუბლები გადმოაყარეს. ეს კაცი ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ჩვენი უბადრუკი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ადრე პარლამენტის თავმჯდომარეც იყო. ასეთი კაცი ძალაუფლებას უნდა გააკარო?
– ეს უტიფრობა, ბოღმა, აგრესია და შურისმაძიებელი ბუნება ჩვენი ხელისუფლებისა გასაგებია. ხშირად გვინახავს ასეთი რაღაცები. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ნებისმიერ განუკითხაობაზე წამსვლელია, ნებისმიერ უღირს მეთოდებს იყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამის ეპიზოდები ამ დღეებში ვიხილეთ გორში და ბორჯომში. უნივერსიტეტში სტუდენტების ცემას კლინიკაში ნაცემ სტუდენტთან მივარდნაც ვნახეთ. კრიმინალური პოლიცია პოლიტიზირებულია და ამის დადასტურებაც ვნახეთ. რა ვიცი, რა გითხრათ, არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში. პრინციპში, „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ შემდეგ ხომ არაფერი შეუცვლია. „ქართული ოცნება“ არის სამართალმემკვიდრე „ნაცმოძრაობისა“, რადგან რაც იმათ ჰქონდათ ცუდი, თითქმის ყველაფერი გადმოიღეს, შეინარჩუნეს. პარაზიტირებს თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ ჩამოყალიბებულ სისტემაზე, თავისას ვერაფერს ვერ ქმნის და თან სულ წყევლის თავის მშობელს ანუ „ნაცმოძრაობას“. გახსოვთ, ეს ქვების სროლა და ჩხუბები „ნაცმოძრაობის“ დროს აჭრაში, გორში, ბოლნისში და სხვა ქალაქებში. კახი კალაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს საკუთარ ზურგზე აქვთ იგივე გადატანილი და ახლა იგივე ქვებს ასროლინებენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და სტუდენტებისთვის. არ იცვლებიან, ისევ იმ წრეზე ტრიალებენ და იმას აკეთებენ, რასაც „ნაციონალებს“ ყოველდღე აყვედრიან.
– ასეთი განუკითხაობა როდემდე უნდა გაგრძელდეს? ნათქვამია, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო და ერთ დღესაც ამოუვა ხალხს ყელში ეს ყველაფერი, ეს ამდენი უსამართლობა და შესაძლოა, მართლაც გაწყდეს – გამოვა ხალხი გარეთ და ვიდრე ამათ არ მოიშორებენ, არ შევლენ სახლში.
–რა თქმა უნდა! შეიძლება კი არა, აუცილებლად გაწყდება. სხვა საკითხია, როდის და როგორ გაწყდება. იმისათვის, რომ გაწყდეს და დამთავრდეს, ალტერნატივის ფორმირებაა აუცილებელი. სამწუხაროდ, ჯერ სრულფასოვანი ალტერნატივის ფორმირება ვერ მოხდა.
– ამ ოპოზიციის ხელში პოლიტიკური ალტერნატივა ვერ შეიქმნება. კომენტატორებად იქცნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხოლოდ მომხდარ ფაქტებზე რეაგირებენ და ხალხს ალტერნატიულ იდეებს, ინიციატივებს ვერ სთავაზობენ. ისინი კიდევ მეორე უბედურება არიან, ოპოზიციონერები რომ ჰქვიათ და „ქართულ ოცნებასთან“, ბიძინა ივანიშვილთან არიან გარიგებულნი.
– მაგაში გეთანხმებით. პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირებას კარგი პირი არ უჩანს.
– ხელისუფლების ახალი ფავორიტის, ვატო შაქარიშვილის კონსერვატიული ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და უკვე ზურაბ ჯაფრიძე და მისი მომხრეები სცემეს. თუ დააშავა და დასასჯელია ჯაფარიძე, დასაჯოს კანონმა, პოლიტიკური ანგარიშსწორებით შორს ვერ წავალთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მეც, ბევრს სხვასაც, არც ზურაბ ჯაფარიძის იდეები და საქმიანობა მოგვწონს და არც ბევრი სხვისი, მაგრამ ქუჩაში დევნა და ცემა–ტყეპა ნორმალურია, მით უფრო, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთით ხდება?
– ეს ასე ხდება ყოველთვის,როდესაც ულტრა–კონსერვტიულ ფრთაზე ვიღაც ჩნდება და საკუთარ თავს სთავაზობს ხელისუფლებას, მერე ამგვარი აგრესიული ფორმით უმტკიცებს თავის ეფექტურობას და ვარგისიანობას ვითომ. დაფუძნდნენ და დაიწყეს უკვე ფაფხური, ნახეთ, რა მაგარი ბიჭები ვართო. რეალურად კი, მარაზმი იყო, რაც გააკეთეს და ვნახეთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ სისტემურ ხასიათს არ შეიძენს და ეს იყო, ასე ვთქვათ, დაფუძნების შემდეგ ამ ჯგუფის მიერ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ხელისუფლების დასანახად და მეტი არაფერი.