“არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში”- პრეზიდენტის განცხადება

0
408
19 Views

არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „გრძნობთ თუ არა საქართველოში ნაკლებ ან მეტ საფრთხეს. როგორც ვიცით, ასობით ათასი ომის მოწინააღმდეგე რუსი საქართველოში გამორბის ან საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში მიდის. თქვენ გქონდათ შემოჭრა 2008 წელს და, ვფიქრობ, თქვენ ისევ ღელავთ პუტინის განზრახვებზე. რას ფიქრობთ დღეს ამის შესახებ?“

„რა თქმა უნდა, ვერ იქნები შეშფოთების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში და, აშკარად, პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, ინერვიულოთ იმაზე, რა შეიძლება, მოჰყვეს ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას. ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, ეს ბევრს არ ნიშნავს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საბაბი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Cesko