პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვეების და წლების განმავლობაში ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ამასთან, ძალადობაზე საუბრის კონტექსტში კობახიძემ რამდენიმე შემთხვევა მაგალითად მოიყვანა.
„შეგახსენებთ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა, როდესაც თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენ ტელევიზიებში, ამის წამახალისებელ განცხადებებს პოლიტიკოსები აკეთებდნენ, ელჩების დუმილიც, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის წახალისებაა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა. კონკრეტული ელჩების მხრიდან აქაც იყო დუმილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ რუსთაველზე გამოდიოდნენ და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან ეს შეფასდა მაგალითად, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა კობახიძემ.