დიდ დიღომში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე დღემდე ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. ძიება ამ საქმეზე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავე დღემდე არ დაუკავებიათ.
12 წლის ანას დედა, ნატო ხუტაშვილი ფიქრობს რომ მისი შვილი მოკლულია. მან ანას ფრჩხილში თმის ღერი აღმოაჩინა, რომელიც მისი ვარაუდით, სწორედ მკვლელს ეკუთვნის.
მამა, რომელიც იმ საბედისწერო საღამოს შვილის მოსაძებნად უბანში იყო ჩასული, ფიქრობს, რომ მკვლელს შეეჩეხა კიდეც. ამასთან არსებობს ვერსია, რომ სავარაუდო მკვლელი უსაფრთხოების კამარების სულ მცირე ორ ვიდეოკადრში მაინც ჩანს.
როგორც ცნობილია, სამი თვის წინ, 12 წლის გოგონა, საკუთარი სახლიდან ორას მეტრში გარდაცვლილი იპოვეს.
ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული. არასრულწლოვანს ყელის არეში დაზიანებებიც აღენიშნებოდა, ამიტომ პირველი ვერსია ყველასთვის ძალადობა და მკვლელობა იყო. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით კვლავ გრძელდება.