გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ამის შესახებ ambebi.ge- ს მიხეილ რამიშვილმა აცნობა.
“მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ დააკავეს. გამოძიებამ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატრა არ ვიცი. მე არ გამოვრიცხავ, თუ ასე წარიმართა გამოძიება, მეც დამაკავონ. მეც დამკითხეს ამ საქმეზე და მე რავიცი ჩემ მიმართ რას ჩაიდნენ” – განაცხადა ambebi. ge-სთან მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში, ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.
თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ “არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.
ამასთანავე, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა.
როგორც პროკურატურა განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამასთან, გამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს
წყარო: ambavi. club