ბოლო დღეებში სოსო ჯაჭვლიანის გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ დროს უძლიერესი მკლავჭიდელი იმდენად შეცვლილია, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა. როგორ ირკვევა, სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძვის.
სოსო ახლა თურქეთის კლინიკაში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის. როგორია მისი მდგომარეობა და რას ეუბნებიან თურქი ექიმები, ამის შესახებ „დაიჯესტი” მის უახლოეს მეგობარს პოლიტიკოსს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დავით ლორთქიფანიძეს; ესაუბრა.
„სოსო 3 დღეა, რაც თურქეთში წავიდა სამკურნალოდ და თურქმა ექიმებმა დაიწყეს მკურნალობის ახალი სტრატეგია. 21 ივნისს გაუკეთეს ქიმიური გადასხმა და თავს ნორმალურად გრძნობს, 2 კვირის შემდეგ კიდევ ჩაუტარებენ მსგავს გადასხმას და ამის შემდეგ გადაწყდება წამოვა საქართველოში და პერიოდულად მოუწევს თურქეთში ჩასვლა, თუ დარჩება კლინიკაში. უახლოესი 2 კვირა იქ ყოფნა გარანტირებულია.
თუმცა, იქ ყოფნა ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოსოსთან ერთად იმყოფებიან მისი მეუღლე და შვილი და რას გადაწყვეტს ოჯახი, ეს ჯერ არ ვიცი”, – ამბობს „დაიჯესტთან” დათო ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, მსგავსი პროცედურის ჩატარებაზე თბილისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, უკონტაქტო იყო, მაგრამ თურქეთში ამ ყველაფერმა უკეთესად ჩაიარა.
„მსგავს პროცედურას როცა თბილისში იკეთებდა რამდენიმე დღე უკონტაქტო იყო, არ ჰქონდა ენერგია კონტაქტის და თურქეთის კლინიკაში როდესაც ჩაუტარეს ეს პროცედურა მეორე დღესვე დამირეკა და მესაუბრა. თვითონაც იმედიანად არის და ექიმებიც იმედს აძლევენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოსოს კლინიკაში შეხვდა რამდენიმე ქართველი, რომლებიც ამ კლინიკის პაციენტები იყვნენ და უკვე წლებია დადიან კონტროლზე, უიმედო მდგომარეობა ჰქონდათ, თუმცა დასტაბილურდა და მიდიან-მოდიან კონტროლზე, ეს სოსოსთვის დიდი იმედია” – ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, დათო ლორთქიფანიძე.
წყარო: „digest.pia.ge”