10 შვილის მამა, შალვა ტაბატაძე, იუმორისტულ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
“მახსოვს, ქეთევანზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, კონკურენტიც ბევრი მყავდა.
მამაჩემი 9 ნომერი გლეხი იყო (ახლა 7-ზე ჩავიდა) ერთხელ მითხრა:,, ადექი, შე შობელძაღლო, ფეხზე, თბილისში ლობიო და ბანანის ჩირი წამაღებინე, ეგებ გავყიდოთ, თორემ ღორებს ქატო ელევათ და რა ჩემ ფეხებს შეჭამთ შობას შენ და შენი ძმაკაცები დავინახავო.”
ჩავედით მეორე დღეს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში დავდექით, მე კლიენტებს ვიჭერ, მამაჩემი წონაში ატყუებს. მეჩეკე ახალი ჩავლილი იყო პეიჯერზე შეტყობინება რომ მომივიდა:,, თუ გსურს ცოლად გამოგყვე, დღეს საღამოს 8საათზე მამაჩემი განცხადებას გააკეთებს და ჩემს სახლთან მოდიო”-მწერდა ქეთევანი.
წავედი საღამოს მესამე მასივში და ქეთის კორპუსს რომ მივუახლოვდი, იმხელა რიგი იდგა სასიძოების, ქეთის სადარბაზოსთან რომ იწყებოდა, ვარკეთილის ხიდთან მთავრდებოდა. კი გადამიქანდა გული, ამათ როგორ ვაჯობებ-მეთქი? მაგრამ მამაჩემმა გამამხნევა:,, ხერხი ჯობია ღონესა, ათიათასად ზრდილობაო.”
ზუსტად 9-ის ნახევარზე ჩემი სასიმამრო აივანზე გადმოდგა და რუპორში გამოაცხადა (რუპორი რად უნდოდა ნეტა, ისედაც პავაროტივით ხმა აქვს) : ,, მე ეს ერთადერთი შვილი მყავს და არ მინდა ვინმე უღირსმა წაიყვანოს. ამიტომ, ვინც შეძლებს მსოფლიოს შვიდივე საოცრება აჩვენოს, იმას გავაყოლებ ცოლადო!”
ბევრმა თაყვანისმცემელმა ჩაქინდრა თავი და უკან გაბრუნდა, ბევრსაც გული წაუვიდა შესასრულებლად შეუძლებელი დავალების გაგონებისას. ერთადერთი მე დავრჩი ხიდის ქვეშ და ავძახე:,, მე შევძლებ მაგას, გამოუშვით თქვენი გოგო ეზოში-მეთქი.” ჩამოირბინა ამანაც (ეჩქარებოდა გათხოვება), ჩავკიდე ხელი და სპეციალური რეისით გადავფრინდით ეგვიპტეში.
მივიყვანე გიზის პირამიდასთან, შევახედე ოთხივე მხრიდან, მერე ხელი დავადებინე ლოდებზე, მერე ზედხედიდან დავანახე, შიგნით შევიყვანე შიგნიდანაც ვანახე პირამიდა და ბოლოს ვკითხე:,, ხომ ნახე პირველი საოცრება?” ,,კიიიიო.” აპა მეტი აღარ შემორჩა, ყველა განადგურებულია-მეთქი!”
კი გაუკვირდა, მაგრამ დავგუგლე მერე, ვანახე და დარწმუნდა.
გოდოურეკე მერე სიმამრს ვარკეთილში, მე უთხარი (აქ ,,ვუთხარი” უნდა იყოს, რადგან პირველი სუბიექტური პირის ნიშანია ,,ვ”, მარა ასე იცის ბევრმა თქმაი და მეცინება ხოლმე ):,, თქვენი პირობა შევასრულე და დღეიდან შენი შვილი ჩემი ცოლია-მეთქი.” ,,სიძე შე ძველოო!” გამომძახა ყურმილიდან.
ამასობაში დაღამდა,
სასტუმროს ფული მე არ მქონდა ქაიროში რომ დავრჩენილიყავით, შევიყვანე ტუტანჰამონის აკლდამაში და იქანა გავატარეთ თაფლობის თვეი. საჭმელ-სასმელს ტურისტები გვიტოვებდნენ, ალბათ მე ფარაონის მუმია ვეგონე (ქე ვგავარ, ისეთი გამხდარი ვარ) ქეთევანი კი ნეფერტიტი.
გამოგვყარეს მერე ეგვიპტის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებმა პირამიდიდან. ორი ღამე სფინქსის კუდთან გვეძინა. სამი კი- გიზის პირამიდის ჩრდილოეთის წახნაგთან.
ჩამევედით მერე ჩემ ხარაგოულში მშვიდობით.
ასე მოხერხებულად გავხდი მე მასიველების სიძე, ქეთევანი კი- ხარაგოულელების რძალი.
როგორც მამაჩემი ამბობდა:,, ხერხი სჯობია ღონესა, ახალი ცოცხი კარგად გვისო.”
(2019წ. ახ.წ.აღ-ით)”