სამი ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოს დასჯა კანდიდატის სტატუსის არ მიცემით და იგივეს გამეორების მუქარაც ჩვენი ქვეყნის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების მაგალითებია

0
206
24 Views

„დღეს მორიგ საჯილდაო ქვად იქცა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. 27 ქვეყნის დემარში საქართველოს მიმართ არა მარტო მოულოდნელი, არამედ გასაოცრად არაადეკვატური და არამეგობრული ჟესტი იყო,”- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაკაბაძის თქმით, ევროკავშირს არათუ უჭირს, არამედ არ სურს იმის გათვალისწინება, რამდენად მოგებიანია პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

მისივე თქმით, თუ „დაუძინებელმა მეგობრებმა“ საქართველოზე ზემოდან ყურების ქედმაღლური და მბრძანებლური პოლიტიკა არ შეცვალეს, მაშინ ხალხის მიერ დასავლეთის გაიგივება შესაძლოა მოხდეს უსამართლობასთან და ასეთ შემთხვევაში ევროინტეგრაციაც აღარ იქნება მიჩნეული ქართველი ხალხისთვის მიზიდულობის ცენტრად.

„დემარში დღეს მორიგ საჯილდაო ქვად იქცა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. ის ფაქტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამაზე უარი არ თქვა, საქართველოსთვის ან ევროკავშირისთვის სასარგებლოა თუ საზიანო? და თუ ის, რაც ერთისთვის სასარგებლოა და მეორისთვის საზიანო, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა? ხომ გამორიცხულია, რომ ყველა საკითხში ერთმანეთს ეთანხმებოდეს თუნდაც პარტნიორების ინტერესები და ეს სწორედ ამ კატეგორიის საკითხია.

რუსეთის იზოლაციაში მოქცევის პოლიტიკის გამტარებელი დასავლეთისთვის ეს სიახლე კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო საქართველოსთვის ასევე კატეგორიულად წაგებიანი და სახიფათოა ამის საპასუხოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე უარის თქმა.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას, მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებას და თუნდაც იმ საფრთხის რეალობად ქცევას, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარის გადმოწევა 40 კილომეტრით და ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. ამის შემდეგ ხომ აუცილებლად უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი? ვიღაც იტყვის, რომ დღეს რუსეთს ამის თავი არა აქვს, თუმცა, ასეთებს არც გარანტიების მოცემა შეუძლიათ და არც პასუხისმგებლობის აღება, რომ ყველაფერი ასე არ განვითარდება და თუ ეს მაინც მოხდა, ასეთები იტყვიან, ჩვენ კი ვამბობდით, მაგრამ შენ რომ ხელისუფლება ხარ, რატომ დაგვიჯერე, პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, რადგან იდეის ავტორი კი არ აგებს პასუხს, არამედ გამკეთებელიო. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება, ამაზე ტრაგედია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ ამას გაგებით უნდა შევხვდეთ და ვეცადოთ, რომ ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ.

არაერთხელ გვინახავს, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებიც ერთმანეთს დაპირისპირებიან, მაგრამ ამაზე ისტერიკები არ აუტეხიათ, ზომიერი საყვედურებით და მოლაპარაკებებით შემოფარგლულან. გავიხსენოთ თუნდაც თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისრაელის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების პოზიციების აცდენები უმრავლეს ქვეყნებთან სხვადასხვა დროს.

ამიტომ 27 ქვეყნის დემარში საქართველოს მიმართ არა მარტო მოულოდნელი, არამედ გასაოცრად არაადეკვატური და არამეგობრული ჟესტი იყო. ევროკავშირს არათუ უჭირს, არამედ არ სურს იმის გათვალისწინება, რამდენად მოგებიანია პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი ქვეყანაში მცხოვრები ფერმერების, ბიზნესმენებისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვისი ახლობლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ან ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ქვეყანას მრავალათასიანი კილომეტრის საზღვარი აქვს რუსეთთან.

ამ შემთხვევაში იმაზე კამათიც არარელევანტურია, დღეს რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, იმის ნახევარი თუ მეოთხედი. ევროკავშირი ზედამხედველივით კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მან წინა პლანზე საქართველოს ინტერესები არ დააყენოს და საჭიროდაც არ თვლის, იმის გარანტიები მაინც მისცეს ჩვენს ქვეყანას, რომ აქ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ადრინდელივით მხოლოდ სიმბოლური ან სიტყვიერი მხარდაჭერით არ შემოიფარგლებიან. მათ საქართველოსთან მიმართებით არ უნდათ გაიგონ, რომ ყველა ქვეყნის მსგავსად პარტნიორობა ჩვენც საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის გვჭირდებოდეს და არა მის დასაზიანებლად.

უკვე მერამდენედ მოითხოვენ ჩვენგან, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანო რეკომენდაციები დირექტივებად მივიღოთ. ჯერ სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი, სისხლიანი რეჟიმის რამდენი შემოქმედის განთავისუფლება მოითხოვეს და დღესაც ითხოვენ, რის გამოც ჩვენმა ხალხმა ვერ გაიგო, ისინი ქვეყნის პარტნიორები არიან თუ ნაცმოძრაობის. სამი ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოს დასჯა კანდიდატის სტატუსის არ მიცემით და იმავეს გამეორების მუქარაც ხომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების მაგალითებია.

ადრეც გვითქვამს და კვლავაც ვიმეორებთ, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაზე მიუღებელი და აუტანელი უსამართლობის განცდაა და თუ ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი ჯერჯერობით ჩვენში ისევ მაღალია, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ხალხს არ უნდა ევრობიუროკრატები და მიკერძოებული ევროპარამენტარები გააიგივონ იმ ღირებულებებთან, რაც მათ ცნობიერებაში დასავლეთი და ევროპა წარმოადგენს და რისკენაც ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ.

თუ ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ საქართველოზე ზემოდან ყურების ქედმაღლური და მბრძანებლური პოლიტიკა არ შეცვალეს, მაშინ ხალხის მიერ დასავლეთის გაიგივება შესაძლოა მოხდეს უსამართლობასთან და ასეთ შემთხვევაში ევროინტეგრაციაც აღარ იქნება მიჩნეული ქართველი ხალხისთვის მიზიდულობის ცენტრად.”- წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko