თამთა მეგრელიშვილი: ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ

0
303
25 Views

„მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? “, – ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველების საქართველოში ჩამოსვლას შეუწყობს ხელს, ასევე დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„დღეს ჩვენ გვიწევს იმაზე საუბარი, რის ირგვლივ არის ხელოვნურად მწვავე და პრაგმატული შეფასებებიც. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის 149 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებოდათ ე.წ. ვიზა. მიხეილ სააკაშვილი თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟოზე რუსს ტურისტებს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდა და ბოთლი ღვინით უმასპინძლდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკური მიზანი და მიღებული გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ რუსებს უფრო კარგად უნდა გაეცნოთ ქართული სახელმწიფო, დაეგემოვნებინათ ღვინო, მინერალური წყლები და დამტკბარიყვნენ ბუნებით. ანუ დღემდე რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იყო ლარსის გამშვები პუნქტიდან, ან მესამე ქვეყნიდან. დღეს რუსეთის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო თავისუფლად. ამ შემთხვევაში არჩევანი აქვს თავად შემომსვლელს (ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ რუსეთის) შემოვიდეს ლარსიდან სახმელეთო გზით, თუ ავიარეისით. ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ძირითადად ვერაფერი ვერ შეცვალა (ისევ ის არის, რაც იყო).

მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მთავარი – მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში (ცხრაასი ათასი მოქალაქე). ამ გადაწყვეტილებით 900 ათას მოქალაქეს მარტივად შეეძლება ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, თუ ადრე შემოდიოდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან ან მესამე სახელმწიფოდან, რომელიც დაკავშირებული იყო ფინანსურ შესაძლებლობებთან, დღეს შეუძლიათ შემოვიდნენ თავისუფლად. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ 900 ათასი ადამიანის წინაშე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება. კონსტიტუციური ვალდებულებაა, დიასპორასთან სახელმწიფო ინარჩუნებდეს ურთიერთობას. გზის გახსნით პრინციპში, იმ სტუდენტებისთვისაც გამარტივდა რუსეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც განათლების მიღების პრიორიტეტად ასახელებენ რუსეთს.

რატომ? – იმიტომ რომ მედიცინის თვალსაზრისით ვიცით, ძალიან განვითარებულია და ვისაც ევროპაში ან ამერიკაში არ აქვს წასვლის საშუალება, მისთვის მარტივია, რომ წავიდეს რუსეთში. მეტსაც გეტყვით, ყოველწლიურად რუსეთს სასწავლო კვოტა (ქართველების მიღების კვოტა) 500-მდე გაზრდილი აქვს (ეს არ არის პატარა ციფრი). ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორის აღნიშვნა. ჯერ კიდევ აუთვისებელ სიტუაციაში დაანგარიშდა, ტურისტულ ნაკადის შემოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ნახევარ მილიარდ დოლარს წლის განმავლობაში (ესეც ხომ ეკონომიკური ფაქტორია). უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა, ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ გვყავს მეზობლები (რუსეთი არის ჩვენი მეზობელი).

თურქეთი არის მწარმოებელი ქვეყანა და მათ ნაკლებად სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებელია, რომ ჩვენმა გლეხმა იხეიროს (მარტივად რომ ვთქვათ) რუსულს ბაზარზე გასვლით. ამ გადაწყვეტილებით (კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, არის რუსეთის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება) სარგებელს პოულობს ქართველი გლეხი, ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მარტივი გზით დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ეკონომიკური ფაქტორიც. ამის მიუხედავად, არც ჩემი პირადად და არც სახელისუფლებო გუნდის (მე ვიცი) პოზიცია არ იცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. მაგრამ, ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, – უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Cesko