NYT: სანქციების მიუხედავად, გასულ წელს რუსულ ავიაკომპანიებს აშშ-ში დამზადებული თვითნფრინავების ნაწილები მიეწოდებოდა

0
442
20 Views

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რათა შეიარაღებაზე, თვითმფრინავების ნაწილებზე და სხვა საქონელზე მოსკოვის წვდომა შეეზღუდა. სანქციები შეეხო რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის „აეროფლოტს“, მის შვილობილ „როსიას“ და სხვებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთში თვითმფრინავების ნაწილები გაიგზავნა. ამის შესახებ მეტყველებს რუსეთის საბაჟო სამსახურების მონაცემები, რომლებზეც წვდომა The New York Times-მა მოიპოვა.

მონაცემების თანახმად, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნა სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის „როსიას“, „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, S7-ს და „პობედას“.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დააკავეს მაიამიში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ოლეგ პაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი, რომლებსაც ბრალი აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევა და ფულის გათეთრება ედება ბრალად. როგორც გაირკვა, ოლეგ პაცულია ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში მოქმედი კომპანიების გამოყენებით ავიაკომპანია „როსიას“ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.

მაგალითად, გასულ წელს „აეროფლოტის“ საწყობებში მოხვდა Boeing-ის მიერ აშშ-ში დამზადებული თვითნფრინავების ნაწილები. რუსეთში მიწოდება ნაკლებად ცნობილი სავაჭრო კომპანიების, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავისუფალი ვაჭრობის ზონებისა და ინდუსტრიალური პარკების გავლით ხორციელდებოდა.

საბაჟო მონაცემებში ფიგურირებს 5000-ზე მეტი ინდივიდუალური გზავნილი, რომლებსაც 2022 წლის 8-თვიან პერიოდში ჰქონდა ადგილი. Boeing-ში აცხადებენ, რომ რუსეთში თვითნფრინავების ნაწილების მიწოდება 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტეს. ნაწილების უმეტესობა რუსეთში არაბთა გაერთიანებული საამიროების, თურქეთის, ჩინეთისა და მალდივის კუნძულების გავლით მოხვდა, თუმცა დაფიქსირდა ისეთი გზავნილებიც, რომლებიც ავიაკომპანია „როსიამ“ უშუალოდ ევროპიდან ან აშშ-დან მიიღო.

Cesko