რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ძალაში დღეიდან, 15 მაისიდან შედის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი 10 მაისს მოაწერა.
ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებული განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, განკარგულების თანახმად, ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით ექნებათ.