ამერიკის ელჩმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკა რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა, ბოდიში მოიხადა

0
318
21 Views

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ, რომელმაც ქვეყანა რუსეთისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაში დაადანაშაულა, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ „ზღვარი გადალახა“. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

აფრიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარეს და „მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს“. მათივე ცნობით, ელჩმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებასა და ხალხს ბოდიში მოუხადა.

შეხვედრას თავად რუბენ ბრიჯეტი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან, რა დროსაც გამოვასწორე ყველა შესაძლო მცდარი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემს საჯარო განცხადებას მოჰყვა“.

მანამდე პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 6-8 დეკემბერს საიმონსტაუნის პორტში იმყოფებოდა რუსული სატვირთო გემი Lady R, რომელიც დაიტვირთა რუსეთში გასაგზავნი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით. მან სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

Cesko