ბოლო დროს გახშირდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე დისკუსიები. არსებული სტატუს ქვო მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ნაკლებად აწყობთ, ამიტომ, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, გარდაუვალია.
ამ ცვლილებების ფონი ძალიან მძიმეა. მსოფლიოში დაძაბულობა არ კლებულობს და ნარჩუნდება საფრთხე, რომ ახალი მსოფლიო გადანაწილება თუ ახალი მსოფლიო წესრიგი ძალადობრივი გზით განხორციელდება. ეს კი უკვე პლანეტარულ ომს ნიშნავს, რაც ასევე არ წარმოადგენს წამყვანი სახელმწიფოებისთვის მისაღებ ვარიანტს.
ჯერ-ჯერობით, მოცემულია ორი ძირითადი ხედვა, თუ როგორი გზით უნდა განვითარდეს გაეროს უშიშროების საბჭო. პირველი ეფუძნება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეას, რომლის ინიციატორი, პირველ რიგში, რუსეთია და, მას უპირისპირდება ამერიკული მიდგომა, ერთპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებით.
ამერიკა და მისი მოკავშირეები გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას განიხილავენ საკუთარი გლობალური დომინირებისთვის დამატებითი მექანიზმების შესაქმნელად. აშშ უკვე ამ ეტაპზე მიილტვის უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებისკენ, რის ფორმატიც კოპენჰაგენის „დემოკრატიათა ალიანსის“ ყოველწლიური სამიტების ფარგლებში იქნა გამომუშავებული.
თუმცა ცალმხრივად და ცალსახად არც ერთ დაპირისპირებულ ძალას არ შეუძლია, განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება და თუნდაც რაიმე უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა მის ფუნქციონირებაში – გამომდინარე გაეროს წესდებიდან. ამიტომ, მხარეებს, წესით და რიგით, შეთანხმების გზით უნდა უწევდეთ სადავო საკითხების მოგვარება, განსხვავებული ინტერესების ურთიერთშეჯერება. მაგრამ, შეერთებული შტატები და მისი დიქტატის ქვეშ მოქმედი სხვა „დემოკრატიები“ უფრო მეტ აქცენტს დიპლომატიური ხრიკების გამოყენებაზე, ეშმაკობაზე, ისევე, როგორც პირდაპირ ზეწოლაზე აკეთებენ. დასავლეთი ხომ მხოლოდ თავის თავს მიიჩნევს „დემოკრატიად“ და დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ვაშინგტონის დიქტატის ამ სისტემაში არ ზის, „არადემოკრატიებად“ ანუ „რეჟიმებად“ განიხილავს.
შეერთებული შტატების ძირითადი იდეა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით, მდგომარეობს მისი შემადგენლობის გაფართოებაში. თუმცა, ხსენებული გეგმის თანახმად, ახალ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ განსახილველ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება. ამ გზით ამერიკული დიპლომატია ცდილობს, მოატყუოს დაინტერესებული სახელმწიფოები, შეუქმნას მათ იმის ილუზია, რომ უშიშროების საბჭო უფრო დემოკრატიული ხდება და მეტი სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საკითხების უშუალო გადაწყვეტაში. გამოდის, რომ ვაშინგტონს ახალი წევრების გამოყენება სურს, მაგრამ მათ ბოლომდე არ ენდობა და ისეთ გადამწყვეტ იარაღს, როგორიც ვეტოს უფლებაა, არ უტოვებს. ამერიკული დიპლომატია ამ კუთხით წარუმატებელია, ვინაიდან ისეთი გიგანტური სახელმწიფოები, როგორებიცაა ინდოეთი და ბრაზილია, ასევე კონტინენტური გაერთიანებები – აფრიკული კავშირი და ისლამურ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ენთუზიაზმს არ იჩენენ და არ იზიარებენ შეერთებული შტატების ასეთ ინიციატივას. ბუნებრივია, რომ მათ სურთ, უშიშროების საბჭოში ადგილი ვეტოს უფლებით დაიკავონ.
რუსეთის პოზიცია ჩამოთვლილი სახელმწიფოების ამ პოზიციას არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან რუსეთი არ ესწრაფის გლობალურ დომინირებას. მოსკოვისთვის უფრო იოლია, დავუშვათ, ინდოეთის ან ბრაზილიის ვეტოს უფლების ატანა, ვიდრე გლობალური ამბიციების მქონე ვაშინგტონისთვის. რადგანაც კონკრეტული ქვეყნები ვახსენეთ, ინდოეთმა და ბრაზილიამ, დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ დემოკრატიული სისტემა აქვთ, ამ სახელმწიფოებში თავისუფალი არჩევნები ტარდება და ხალხის ნება იმაზე ნაკლებად არ არის გამოხატული, ვიდრე ტრადიციულ დემოკრატიებში, თუმცა ისინი პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებენ, არ ემორჩილებიან ვინმეს დიქტატს და რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს ამჯობინებენ, ვინაიდან ეს ისევ მათსავე ინტერესებშია. რა გასაკვირია, რომ აშშ-ში არ მოსწონთ ასეთი მიდგომა და ვეტოს უფლებას მესამე სახელმწიფოებისთვის ვერ იმეტებენ, თუმცა იმასაც ხედავენ, რომ ამ სახელმწიფოების უშიშროების საბჭოში დაშვების გარეშე, მისი რეფორმირება ვერ მოხერხდება.
რადგანაც აშშ ვერ ახერხებს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას საკუთარ პირობებზე, გააქტიურებულ იქნა პირდაპირი შეტევა რუსეთის, როგორც სსრ კავშირის სამართალმემკვიდრის, მიმართ ვეტოს უფლების ფლობაზე. თუმცა გაეროს წესდება მსგავს თემებზე და, მით უმეტეს, ასეთ კარდინალურ საკითხზე, ცვლილებებს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრის თანხმობის გარეშე, ესე იგი, რუსეთის თანხმობის გარეშეც, არ ითვალისწინებს. გამოდის, რომ ამერიკელები მთლიანად გაეროს შიგნიდან აფეთქებას უნდა შეეცადონ, რომ რუსეთს ვეტოს უფლება წაართვან. ასეთი აფეთქება, სავარაუდოდ, მთლიანად გაეროს ნგრევას გამოიწვევს. ამას, ბუნებრივია, არ დაუშვებენ არც რუსეთი და არც ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.
ამიტომ, შეერთებულ შტატებს, ჯერ-ჯერობით, ფსიქოლოგიური ომის წარმოებისა და წვრილმანი ხასიათის ქმედებების გარდა, არაფერი რჩებათ ხელში. შეერთებული შტატები ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხდომები მათ ტერიტორიაზე ტარდება, გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ამერიკელი ჩინოვნიკები უარს ეუბნებიან სხვადასხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს აშშ-ში შესასვლელი ვიზების გაცემაზე, ვაშინგტონის მიერ უარყოფილთა რიცხვში რეგულარულად ხვდებიან არა მარტო „არასასურველი“ ქვეყნის მასმედიის წარმომადგენლები და სხვა თანმხლები პირები, არამედ უშუალოდ დიპლომატებიც. ამერიკელთა ასეთი ქმედებების გამო უკმაყოფილება გაეროს წევრ-სახელმწიფოთა შორის იზრდება და თავად აშშ რისკავს, რომ დაკარგოს გაეროში ერთ-ერთი ლიდერი-სახელმწიფოს როლი.
გურამ რეხვიაშვილი