“პირდაპირ გემუქრებით – საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს და რუსულ ავიაკომპანიებს მიმართავს.
ხოშტარიას შეფასებით, პუტინის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს სანქცირების ტოლფასია.
“ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშრისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი…
ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ… თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვებ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ… ეს არის კატასროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.