“საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს” – რას წერს ანა ჯაბაური დედამთილზე

0
576
21 Views

პირველი პრეზიდენტის შვილებისა და დედის დავა გრძელდება – ამჯერად, მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას თაღლითობაში სდებს ბრალს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ჯაბაური წერს:

“არსად გაგონილი, არსად ნანახი და არავის ჩადენილი – საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის! დაუჯერებელი ამბავი, რომელსაც მანანა არჩვაძე გუშინ ტვ პირველის ეთერიდან, მისი წარმომადგენლის პირით აჟღერებს!
იმავე წარმომადგენლის მიერ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა არაერთი პოსტი, რომელშიც იგივე ნარატივია განმეორებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საქმე ეხება ცოტნეს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთს, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მისი ბიოლოგიური დედა ცოტნეს სასამართლოს ყველა ინსტანციაში 5 წლის განმავლობაში (2012-2017 წ.წ) უჩიოდა (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს დავა მხოლოდ ერთ-ერთია მრავალრიცხოვან დავათაგან, რომელსაც იგი ცოტნეს წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა).

სასამართლომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაღა თქმა უნდა, ცოტნეს საკუთრებაში დატოვა.
ხოლო ახლა, როცა სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ცოტნე თავს ვეღარ იცავს, ქალბატონმა არჩვაძემ ახალი დავა წამოიწყო ცოტნეს წინააღმდეგ, ახლა უკვე პროკურატურაში და ახლა უკვე ცოტნეს უმწეობის იმედად.

 

ცხადია, ამ აბსურდულ დავას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ქალბატონი კადრულობს უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი შვილის მისამართით სიტყვა ,,თაღლითის’’ გაჟღერებას და მიწის თაღლითური გზით მითვისებაში დადანაშაულებით მისი რეპუტაციის შელახვას. ტალახს ესვრის პირს, რომელსაც პასუხის გაცემის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვს.

საგულისხმოა, რომ ზემოთ აღნიშნულ უკიდურეს შეურაცხყოფას უმწეო ცოტნეს აყენებს საკუთარი წარმომადგენლის პირით, რომელიც თავს ადვოკატად და ექიმად წარმოგვიდგენს, თუმცა, ამავდროულად, უხეშად არღვევს ექიმურ, ეთიკურ და ადამიანურ ნორმებს, იყენებს რა სალანძღავად სიტყვა ,,დაუნს”, რაც აუცილებლად უნდა გახდეს სამედიცინო და იურიდიული ეთიკის განხილვის საგანი. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ,,ორუმაღლესგამოვლილ” ,,ექიმ-ადვოკატს” არამარტო ელემენტარული პროფესიული ცოდნა, არამედ წერა-კითხვისა და მართლწერის ელემენტარული ნორმებიც ვერ აუთვისებია.

ამ მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილმა ქალბატონმა, ცოტნესთან ერთად, გიორგის დისკრედიტაციაც განიზრახა და მიწის თაობაზე გიორგის შესახებაც ბინძურ ცილისწამებას ავრცელებს. ამიტომ, იმასაც აქვე გაცნობებთ, რომ ამჟამად მიწა უკვე გაყიდულია ცოტნეს ქონებრივი მხარდამჭერის – გიორგი გამსახურდიას მიერ (კონსტანტინესთან და ჩემთან შეთანხმებით), ცოტნეს შემდგომი ძვირადღირებული სარეაბილიტაციო პროექტების დასაფინანსებლად, რომლის საფასურის თითოეული თეთრის ხარჯვის გამჭვირვალობას და მონიტორინგს, ჩვენივე მოთხოვნით, აწარმოებს სოციალური სააგენტო.
რაც შემეხება მე, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, საკუთარი სურვილით სასამართლოში შევიტანე მოთხოვნა, რათა ცოტნეს მთელი ქონება და ფინანსური საკითხები მხოლოდ გიორგის მხარდამჭერობის სფეროს საგანი გამხდარიყო, რის შედეგადაც სამუდამოდ ვთქვი უარი ცოტნეს ქონების თითოეულ კვადრატულ მეტრზე, კოშკი იქნება ეს თუ მიწის ნაკვეთი.

ცხადია, არ ვაპირებთ აღნიშნული ქალბატონისა და მისთვის უპირობოდ მორჩილი და, დანარჩენი კაცობრიობისთვის უპირობოდ აგრესიული დაჯგუფების არანორმალური ქცევების განხილვა-შესწავლას. ეს, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ფსიქიატრიის პრეროგატივაა, მაგრამ უმწეო ადამიანისთვის არაერთი გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მოხერხების შემდეგ (ეს კიდევ ცალკე განსახილველი უზარმაზარი თემაა), ამხელა შეურაცხყოფის საჯაროდ გაჟღერების უპასუხოდ დატოვება ჩვენი უზარმაზარი თმენის ფარგლებშიც კი ვერ დაეტია!

გუშინდელ დღემდე ვთვლიდით, რომ ამ ქალბატონს საკუთარი შვილების წინააღმდეგ, წესების გარეშე ბრძოლის ყველა უზნეო მეთოდი უკვე ამოწურული ჰქონდა…

პ. ს. გუშინდელი გადაცემის ლინკი და მანანა არჩვაძის წარმომადგენლის უზნეო პოსტები იხილეთ კომენტარებში.

Cesko