ქუჩაში აქტიურობა იმ ადამიანებმაც დაიწყეს, რომლებიც ოპოზიციის დიდ ნაწილს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ომში ჩართვა არ სურთ. რატომ გამოვიდნენ ქუჩაში და რა გეგმები აქვთ, ამ თემაზე მსახიობებს, ზუკა პაპუაშვილსა და დავით ხურცილავას ვესაუბრეთ:
“მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ მე შენი მონა და ვასალი ვიყო”
ზუკა პაპუაშვილი: – ბოლო პერიოდში, რაც უკრაინის ომის შემდეგ ისტერიკა დაიწყო ქვეყანაში, ამის ყოველდღიურად ყურება და მოსმენა შეუძლებელი გახდა. ყველაფერი გადართულია იმაზე, ომი იქნება თუ არა საქართველოში, მეორე ფრონტი იქნება თუ არა, “ნაციონალები” დაბრუნდებიან თუ არა. საქმე ქვეყანაში აღარ კეთდება. ფიქრის საშუალება აღარ გვაქვს აღარც კულტურაზე, აღარც ხელოვნებაზე, აღარც მედიცინაზე… უკვე სიგიჟეში გადავედით. რაღაცნაირად უნდა გადავერთოთ, უნდა ვუთხრათ იმ გარე ძალებსაც, იმ ევროპასაც, იმ ამერიკასაც, რომ ასე არ არის. ჩვენი მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ მე შენი მონა და ვასალი ვიყო. ამასვე ამბობს საფრანგეთიც, თურქეთიც, ისრაელიც.
აქცია არ იქნება ერთჯერადი, გამეორდება, კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს, იმიტომ, რომ ევროკავშირის მანდატი გვაქვს მისაღები. თუ არ მივიღებთ, ესე იგი, უნდათ არეულობა, იქნება ვადამდელი არჩევნები – ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ფასეულობები ნადგურდება. ჩვენ, მშობლები, ვერ დავინომრებით, მშობელი #1 და მშობელი #2 არ იქნება და არ იარსებებს საქართველოში.
– პოლარიზაციის აღმოფხვრის გზები როგორ გესახებათ?
– მოლაპარაკების მაგიდასთან თვითონ ოპოზიცია არ ჯდება. არ მინდა ისე გამომივიდეს, ფუ “ნაცები” და ფუ ოპოზიცია-მეთქი. ძალიან მინდა დაჯდეს ორივე მხარე, დაილაპარაკონ, კონსენსუსამდე მივიდნენ, იმიტომ, რომ ამ რყევის ყურება უკვე შეუძლებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, რაღაც რომ მოხდეს, იქ ვერავინ ვერავის ვეღარ გაარჩევს. საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება.
– ზოგი ამბობს რუსეთუმეებიო, ზოგი ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშიაო.
– დაველაპარაკები ნებისმიერს, ვისაც ჩემთან მეგობრობა სურს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ევროპა, გინდა ამერიკა, გინდა ჩინეთი. ნუ დამელაპარაკება ნურავინ როგორც ვასალს, მონას. მეგობრობა მე ორმხრივი ვიცი.
“მინდა ევროპაში მიმიღონ ცალ ფეხზე კი არა, როგორც თანასწორი და უზარმაზარი ისტორიის ქვეყანა”
დავით ხურცილავა, მსახიობი: – რამ გამომიყვანა ქუჩაში? ჟურნალისტისგან გასაგებია, მაგრამ სხვებისგან, თუ არა ხარ “ნაცი” და ჭინკა, ტყაშმაფა და ოჩოკოჩი, გაუგებარია ეს კითხვა. რას ჰქვია რამ გამოგვიყვანა? საით მიექანება ქვეყანა, რა დღეშია, ყველა ხომ თვალნათლივ ვხედავთ?! ყველაფერი დეტალურად გააკეთეს წლების განმავლობაში: განათლების სამინისტროთი, ბავშვების აღზრდით დაწყებული, გემოვნების გაფუჭებით, ინტელექტის დაქვეითებით, იუმორის დაკარგვით დამთავრებული, ყველაფერი მიდიოდა იქით, რომ აქამდე მოვსულიყავით. 8-9 მარტს კი შეაგროვეს ხალხი, მაგრამ მეორედ არ არიან ეგენი შემგროვებლები, ეს 9 აპრილის აქციამ დაამტკიცა…
ეგ ყველა ერთი პარტიაა. “ლელო”, რესპუბლიკელები, ეგენი რა პარტიებია, ცალ-ცალკე რეიტინგი არც ერთს არა აქვს. ვინც “ნაცმოძრაობის” სატელიტები არიან, მე მათაც “ნაცმოძრაობად” ვთვლი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქართულს აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფენ, ენას, მამულს, სარწმუნოებას, რაც გვითხრა ილია ჭავჭავაძემ, მიუხედავად იმისა, რომ მაისურებზე აქვთ გამოკრული ილიას ფოტო, კიდევ ექვთიმიე თაყაიშვილის და ამაზე ვგიჟდები. ეგენი ჭიქაში ქარიშხალია, ზღვაში წვეთი. ამიტომ უნდა გამოვსულიყავით ჩვენც. როგორც ერთმანეთს უნდა დავნახვებოდით, ისე უნდა დავნახვებოდით იმათაც და საერთაშორისო საზოგადოებას.
ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ომში ჩავრთულიყავით, მაგრამ არ გამოუვიდათ. აქეთ უკრაინის ხელმძღვანელობა გვაწვებოდა. არახამიამ არც უკრაინული იცის, არც ქართული და რუსულად გველაპარაკება. ხომ იცით, ერთხანს პუტინთან მუშაობდა. აქეთ არესტოვიჩი… ამ დროს 2008 წელს ჩვენი მხარდაჭერის ნოტას არ დაუჭირა უკრაინის რადამ მხარი. ყველაფერი ხომ კარგად გვახსოვს?!
“ქართულ ოცნებასთანაც” მაქვს ბევრი პრეტენზია. შევეკითხოთ ხალხს, ხომ არა ვართ მე-19 საუკუნეში კარდაკარ რომ ვიაროთ? “კი” ან “არა” – დავაჭერ აგერ ღილაკს თითს ტელეფონში და გადავწყვიტოთ, ეს კანონი რუსულია თუ არა. როგორ არის რუსული, როდესაც იღებს კანადა, ამერიკას აქვს მიღებული, ევროკავშირი აპირებს მიღებას…
შუბლზე ძარღვი აქვთ თუ ენაში ძვალი? ჩვენ ქვეყანას ეგეთებისთვის გაუძლია? რვაჯერ შემოესია საქართველოს თემურ-ლენგი, მაგრამ ვერაფრით დაგვაჩოქა. აღარ მოვყვები, აღა-მაჰმად-ხანი და კიდევ რაები გავქვს გადატანილი. კაკალი არ დატოვა კაცმა, გადაასწორა ყველაფერი, გადაიღალა შემოსევებით, გაგიჟებული იყო კაცი, ესენი ვინ არიანო. მე-17 საუკუნეში რომ შემოგვესივნენ, მთელი ჩრდილოეთი კავკასია მანამდე ქრისტიანები იყვნენ. ყველა გაამუსლიმანეს, ქართველები დავრჩით მხოლოდ მართლმადიდებლებად. ესე იგი, რაღაცაშია საქმე. ამაზე ხომ ქირქილებენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ყველაფერს აგინებენ, კათალიკოსს, ღმერთს… არ მინდა მე მაგ ხალხთან ურთიერთობა. მე არ ვთვლი, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გამოუშვან. არ ვთვლი, რომ ცოდოა. საცოდავი იყო, პირველად რომ დავინახე. იმ დღიდან ვაგინებ.
ყორღანაშვილები და ბერბიჭაშვილები ყოველთვის გვყავდა. ფეოდალური ხანა რომ იყოს, დავაჭრიდით თავებს როგორც მეფეები აჭრიდნენ. ფიზიკურად არა, თუმცა ისე კი მოეჭრებათ თავი მაგათ, დარწმუნებული ვარ. ეგ დროც დადგება.
– პოლარიზაციის დასასრულს საერთოდ არ განიხილავთ?
– პოლარიზაციის დასასრული ამ ადამიანებთან არ გამოვა. უნდა შეიქმნას ახალი ოპოზიცია. იმედია ეს 2024 წლამდე მოხერხდება. ეს რანაირი ოპოზიციაა, არაფერს აკეთებს. პარლამენტში შედიან, როცა უნდათ. სანატორიუმად აქვთ პარლამენტი, ხელფასს კი იღებენ. შემოცვივდებიან და გაიძახიან, რუსული კანონიო. ხომ შეიძლება დადგე ტრიბუნასთან და გვითხრა, რატომაა რუსული კანონი? აბა, პარლამენტი რა არის? ეგენი უნდა გაქრნენ და ქრებიან კიდეც. უკვე ერთმანეთს ჭამენ კასრში მოყოლილი ვირთხებივით. ბოლოს დარჩება 1 ყველაზე ძლიერი ვირთხა. ეგეთ ერთ ვირთხას კაპიტნები ყიდულობდნენ ხოლმე გემზე, შორეულ ნაოსნობაში და გაატანენ ამასაც. ვხედავთ უკვე მაგათ დაშლას. ხაბეიშვილი რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნება, კარგი რა… ახლა მელიას უნდა მობრუნება. იქით კეზერაშვილია, ბი-ბი-სიმ რომ თქვა, თურმე მანამდე კი არ გვჯეროდა, რომ ჯარი გაძარცვა. ეს დიდი დარტყმა იყო მაგათთვის. ეს ადამიანები რომ აღარ არსებობდნენ ქართულ პოლიტიკურ ველზე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
ოღონდ ევროკავშირში მიგვიღონ და თურმე ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. ოღონდ მიგვიღონ Nდა, მაგათთვის არა აქვს მნიშვნელობა როგორ. ჩემთვის აქვს და კიდევ ბევრისთვის, კი იხილეთ ეს 30-ში.
– საქართველოს მომავალს როგორ ხედავთ?
– ევროკავშირშიც შევალთ აუცილებლად, მაგრამ ცეკას მდივნები არ გვჭირდება, არც ევროპელი, არც რუსი და არც ამერიკელი. ცეკას მდივნებს 70 წელი ვუსმენდით რუსულად, ახლა ისევ მაგათ უნდა ვუსმინოთ, ოღონდ ინგლისურად. არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ინგლისურად მოვუსმენ თუ რუსულად ცეკას მდივანს. მინდა ვიყო თავისუფალი და თავისუფლებისთვის მოვდივართ. მინდა ევროპაში მიმიღონ ცალ ფეხზე კი არა, როგორც თანასწორი და უზარმაზარი ისტორიის ქვეყანა. სადღეგრძელოს თქმა აღარ შეიძლება, ღმერთი არ ახსენოო, ეკლესია მიგინო, წინაპარი არ მახსენებინო, ღვინოში ჩამიფურთხო, გვარამიაზე გმირი იძახო… “იმედი” რომ დაარბიეს, პროკურორის მოადგილე ვინ იყო? ერეკლე უნდა მოსპო, რომ მიშა გამოიყვანო გმირი. მთელი მიტინგები მოვლილი მაქვს, მოლოტოვის კოქტეილი კი არა, კენჭი რომ გვესროლა მაგ უსირცხვილოებისთვის, დაგვხოცავდნენ, ტყვიებს გვესროდნენ. არ აყარეს მაღაზიის თავებზე გვამები მიტინგზე, თუ არ დახოცეს ხალხი ქუჩებში, თუ არ წაათრიეს სასაფლაოზე გირგვლიანი და 17-ჯერ არ დაარტყეს დანა და სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში?! სამოთახიან ლუქსში წევს, ციხეში კი არა, და იქაც არ ჩერდება. ეგეც კაცია და მერაბ კოსტავაც კაცი იყო?!
წყარო: კვირის პალიტრა