ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის გამოსვლა, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გზავნილებით სავსე, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდა და რომელსაც სწამს, რომ სწორედ მარადიული ღირებულებების შენარჩუნებით არის შესაძლებელი გადარჩენა ამ თანამედროვე სამყაროში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას.
„კიდევ იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ გამოიკვეთა – ამ ბრძოლაში, ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე საქართველო არ არის მარტო და ევროპის და აშშ-ის მასშტაბით ჰყავს ძალიან სერიოზული მოკავშირეები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.
„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.