ახლახანს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ნამდვილი მემატიანე, ელგუჯა მამუკელაშვილი გარდაიცვალა.
“ცხოვრობენ ჩვენს შორის ადამიანები, რომლებთან გატარებული ყოველი წუთი, მთელი ცხოვრების გაკვეთილად და გამოცდილებად გამოდგება.
სწორედ ასეთი იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ნამდვილი მემატიანე, ელგუჯა მამუკელაშვილი.
„უნივერსიტეტი ეკუთვნის ქართველ ერს და მას დიდი გაფრთხილება უნდა“, – ამბობდა თავად და ამგვარი სიყვარულით, მოფრთხილებით, ღრმა გააზრებით იკვლევდა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას, ქმნიდა სახელმძღვანელოებს პოლიტოლოგიის, მსოფლიოს ხალხთა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის მიმართულებით, მუშაობდა ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე, წერდა ნარკვევებსა და მონოგრაფიებს.
ელგუჯა მამუკელაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს გეოპოლიტიკისა და გლობალიზაციის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდა. თავად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, წერდა ომის თემატიკაზე და ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე მსოფლიო პოლიტიკის პირისპირ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უანგაროდ შეყვარებულმა პროფესორმა საკუთარი ხელით დაწერა უნივერსიტეტის მატიანე, დაწვრილებით აღწერა მისი დაარსების ისტორია და განვითარების ეტაპები, რითიც ქვეყნის მსახურების გზის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ელგუჯა მამუკელაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ათეული წლების მანძილზე ზრდიდა თაობებს, იშვიათი მზრუნველობით განსაზღვრავდა საკუთარი სტუდენტების სამომავლო გზას და თითოეულს სამშობლოს სიყვარულის გაკვეთილებს აძლევდა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს პროფესორის, საუკეთესო პედაგოგის, ელგუჯა მამუკელაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს”