არჩილ თალაკვაძე: საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, არავის მივცემთ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

0
271
23 Views

საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს ევროპის საბჭოსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს, ჩვენი ქვეყნის დელეგაცია ყოველთვის აქტიურია და სესიაზე ვმონაწილეობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მათთვის ძალიან საინტერესოა, „რა პოზიციები აქვთ პარტნიორ ქვეყნებს და პარლამენტარებს ევროპიდან იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, უკრაინაში მიმდინარე ომს“.

„ამ დღეებს ვიყენებთ იმისთვის, რომ პარტნიორებს შევხვდეთ, მათთან ინფორმაცია გავცვალოთ და მივაწოდოთ კიდევ უფრო ფაქტობრივი მონაცემები, თუ როგორ მიდის საქართველოში რეფორმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით. ამ სესიას ძალიან საინტერესო დღის წესრიგი აქვს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსია და დებატები, ასევე მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. იქნება უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ბუნებრივია, იქნება სხვა მიმდინარე თემები, რომლებიც ევროპას აწუხებს და ამ დღის წესრიგის ნაწილიც საქართველოც არის. საერთო ჯამში, ჩვენ ყოველ სესიაზე გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისთვის და მათი ინტერესიც არსებობს საქართველოს მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დასავლეთის ყველაზე საინტერესო პარტნიორია რეგიონში. მით უმეტეს, ახლა, როცა რეგიონში ასეთი რთული ვითარებაა. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად, ორი რეკომენდაცია დარჩა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. უკვე საქართველო მზად იქნება, რომ ერთიანობაში წარადგინოს ევრორეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეიდან, აქტიურად ჩაერთვება სესიის მუშაობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მზადება დაიწყო მაისის რეიკიავიკის სამიტისთვის. ამ თემაზეც სტრასბურგში დებატებია დაგეგმილი.

Cesko