პერუს ძებნილი ექსპრეზიდენტი ამერიკულ პოლიციას ჩაბარდა და სამშობლოში დაბრუნდება, სადაც მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

April 22, 09:49
0
146

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა, რათა უახლოეს მომავალში სამშობლოში მისი ექსტრადირება მოხდეს. ამის შესახებ BBC წერს.

სამშობლოში 77 წლის ტოლედოს პრეზიდენტობის პერიოდში (2001-2006) ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის სახით 20 მილიონი დოლარის აღებაში ადანაშაულებენ. პროკურატურა მისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.

პერუს საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, ტოლედომ კომპანია Odebrecht-ისგან მილიონობით დოლარი მიიღო, ამის სანაცვლოდ კი კომპანია სახელმწიფო ტენდერებს იგებდა.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტოლედო აშშ-ში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. 2018 წელს პერუმ აშშ-ის ტოლედოს დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, რის შემდეგაც 2019 წელს ტოლედო კალიფორნიაში დააკავეს. 2020 წელს ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს.

ტოლედო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, თუმცა კალიფორნიულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პერუს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ „არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება იმის დაშვება, რომ ტოლედომ დანაშაული ჩაიდინა“.

რამდენიმე დღის წინ ტოლედოს ადვოკატებმა მისი ექსტრადირების ბლოკირება სცადეს და განაცხადეს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, თუმცა სასამართლომ მათი აპელაცია არ დააკმაყოფილა.

პერუს ექსპრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადირება რამდენიმე დღეში იგეგმება.

Cesko