თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.
ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. მსხვერპლი კომპენსაციას მას შემდეგ მიიღებს, როცა ჯერ სამოქალაქო წესით ძალადობისთვის მსჯავრდებულ კაცს ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვენ.
ეს წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე. ჯანმრთელობის დაზიანებად განიხილება ფსიქიკური ტანჯვით მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანიც.
რა პერიოდში შეიძლება მოითხოვოს ქალმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია, თუ მოძალადე კაცი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანს არ აანაზღაურებს?
„ზიანის ანაზღაურება შეუძლებლად ჩაითვლება, თუ კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის დროისთვის, მაგრამ არაუადრეს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 6 თვისა (მოცემული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სააღსრულებო წარმოების შეჩერების პერიოდი), ვერ მოხდა ზიანის ანაზღაურება ასანაზღაურებელი თანხის არანაკლებ 40%-ით მაინც“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარით.
კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
აღნიშნულია დადგენილებაში, 2023 წლის პირველი დეკემბრიდან შევა მოქმედებს.