“ჩემი ცოლის დაქალების” ერთგულ მაყურებელს მოეხსენება, რომ ეს სერიალი დროებით დაპაუზებულია.
როგორც განმარტავენ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. რა განცდა აქვთ დღეს, რას საქმიანობენ და როგორია იმ მსახიობების მდგომარეობა, ვის ცხოვრებაშიც ეს სერიალი დიდი დოზით იყო? – ამის გასარკვევად მთავარ გმირებს დავუკავშირდით.
ლევან ყოჩიაშვილი:
– 11 წელია, ეს სერიალი გადის. დამეთანხმებით, პატარა დრო არ არის, შესაბამისად, “ჩემი ცოლის დაქალები” ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, დავით გოცირიძე ისევ განვასახიერო. ჩემს გონებას, სხეულს ეს გმირი დამახსოვრებული ჰყავს. ამ პერსონაჟის გარეშე ცხოვრება ადვილი არ არის, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. შეიძლება ითქვას, რომ 11 წელი გადასაღებ მოედანზე ვცხოვრობდი.
– როგორია დღეს თქვენი რეალობა? ხმა გვესმის, მაგრამ როგორც მსახიობი, დაკავებული არ ხართ.
– გახმოვანებაზე, სარეკლამო რგოლებზე ვმუშაობ, არხის ხმა ვარ. თამაშს თუ გულისხმობთ, არსად ვთამაშობ.
– ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?
– პარტნიორები, ქეთი დევდარიანის დაწერილი ამბები, მოლოდინი – ნეტავ როგორ მოიქცევა დათო? ახალი რა იქნება, რისი გაკეთება მომიწევს? მთელი პროცესი – სცენარის წაკითხვიდან ეთერში გასვლამდე, ყველაფერი მენატრება.
– სერიალმა ძალიან პოპულარული გაგხადათ. როგორც მსახიობს, რა მოგცათ “ჩცდ”-მ?
– ძალიან დიდი გამოცდილება, კამერასთან, პარტნიორებთან მუშაობის. კვირაში სამი სერია გადიოდა და დროის ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პოპულარობა სასიამოვნოა. როცა ვიღაც გხვდება, გიღიმის და გეუბნება, რომ გიყურებს, ეს მსახიობისთვის სიცოცხლეა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ სერიალმა თავისი თავი ამოწურა?
– დაუსრულებელი არაფერი არსებობს, მაგრამ სიტყვას “ამოწურა” ვერ ვიტყოდი. ეს სერიალი ცხოვრებას საინტერესოდ მიჰყვებოდა, მასში სცენარისტს სულ ახალი ფერები შეჰქონდა, არც მსახიობებს და არც მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა.
– თქვენი პერსონაჟი თავისი საქციელით ხშირად გაოცებდათ?
– აი, ეს იყო საინტერესო. სულ ვფიქრობდი, ამ კაცის ცხოვრებაში მეტი რაღა უნდა მოხდეს, კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს? მაგრამ მოვიდოდა სცენარი და სრულიად მოულოდნელი ამბავი შემოდიოდა. კარანტინის სერიებს სულ არ ველოდებოდი, მაგრამ უძლიერესი გამოვიდა. ჩემი და ნინას მონოლოგს საზოგადოება დიდხანს განიხილავდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– დღეს, როდესაც ქუჩაში თქვენი მაყურებელი გხვდებათ, რას გეუბნებიან?
– მაყურებელი ამ სერიალში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული. ჩემმა პერსონაჟმა საყვარელი რომ გაიჩინა, ამის გამო, ხალხი ქუჩაში მეჩხუბებოდა. ახლა ყველა მეკითხება, სერიალი როდის განახლდებაო?
– და რას პასუხობთ?
– ჯერ ეს ამბავი გაურკვეველია, მართლა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა. ძალიან ბევრი წერილი მომდის ემიგრანტებისგან. როგორც მწერენ, “ჩემი ცოლის დაქალები” რომ გადიოდა, იკრიბებოდნენ და ერთად უყრებდნენ, სერიალი მათი შეკრებების ერთ-ერთი მიზეზი ყოფილა. ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს, მადლობა მათ მრავალწლიანი ერთგულებისთვის!
ანა ტყებუჩავა:
– ახლა იმ ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სერიალის გადაღებების პარალელურად შეუძლებელი იყო. იმ დროის დეფიციტს, რომელიც მაშინ მქონდა, ვინაზღაურებ. გადაღებების პროცესის დაპაუზება ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ნაწილია: ხან არის, ხან – არა. გამართლება იყო, რომ ამდენი წელი სტაბილურად ვიღებდით, ვთამაშობდით და ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ დასრულდა. “ნეტფლიქსის” და საზღვარგარეთის სხვა ცნობილი კომპანიების სერიალები რაღაც დროის ინტერვალით ჩერდება, შემდეგი და შემდეგი სეზონი ხომ გამოდის ხოლმე? ჩვენ ხომ მათი შიდა სამზარეულო არ ვიცით, რა და როგორ ხდება. ამ კუთხით თუ მივუდგებით, შეიძლება “ჩემი ცოლის დაქალებიც” გაგრძელდეს. მაყურებელს სერიალი ენატრება. სადაც უნდა მივიდე, ყველგან მესმის, – ახალ სერიებს არ იღებთ? როდიდან დაიწყება? ისინი არ ითვლიან იმას, რომ ამდენი წელია, უყურებენ. სხვადასხვა გემოვნების, მსოფლმხედველობის მაყურებელი გვყავდა, ძალიან მარავალფეროვანი. შეიძლება ითქვას, ამ სერიალში თაობა გაიზარდა, 5 წლის ბავშვები რომ მოვიდნენ, დღეს ისინი 15-16 წლის გონიერი მოზარდები არიან.
– როგორც მსახიობს, ამ სერიალმა რა მოგცათ?
– ძალიან დიდი შესაძლებლობა, თავი სხვადასხვა სიტუაციაში გამომეცადა, მათ შორის, სტრესულ გარემოში მუშაობის სირთულე დამეძლია.
– “სტრესულ გარემოში” რას გულისხმობთ?
– ამ შემთხვევაში, დროის ფაქტორს ვგულისხმობ. როცა ისე მუშაობ, დროში შეზღუდული არ ხარ, ეს სტრესული სამუშაო არ არის. სტრესულ გარემოში სწრაფად უნდა იპოვო შენი სათქმელი, ინსპირაცია, იყო მზად, რომ სათადარიგოდან წამოგაყენებენ და სათამაშოდ შეგიყვანენ.
– გადასაღები მოედნიდან ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?
– ურთიერთობები.
– ამ სერიალმა მსახიობები ერთმანეთთან დაგანათესავათ, არა?
– დიახ, ქეთა ორბელაძე (ტასო) ჩემი შვილის ნათლიაა. ქეთა და giorgi კარგი ახალგაზრდები არიან, ორივე ძალიან მიყვარს, მომწონს მათი აზროვნება, ხედვები, მიზნები. ჩემი ეკრანული შვილებით ვამაყობ, დედური სიამაყე თუ მეკუთვნის (იცინის). მათი დედები უფლებას მაძლევენ, როგორც მათმა დედამ, ვიამაყო.
– თქვენს სამომავლო გეგმაზე რას გვეტყვით?
– შემოთავაზება მაქვს, ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. არ მინდა, ამას ლექციის ფორმა ჰქონდეს, ახლა ძიების და ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში ვარ. ბუნებრივია, შემეცნებითი ხასიათი ექნება. ახლახან დავიწყე “ფორმულას” დილის ეთერში ჩემი რუბრიკა, რამდენიმე წუთი კანის მოვლასა და კულტურაზე ვსაუბრობ. მაქვს კოსმეტოლოგებთან კონსულტაციები. ეს რუბრიკა ძალიან ჰგავს გარემოს, როცა გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას მეგობრულად უზიარებენ და არა ტერმინებით, არამედ მარტივ, გასაგებ ენაზე ვსაუბრობ.
– “ჩემი ცოლის დაქალების” დაპაუზებით მოგებული იქნებიან თქვენი შვილები, არა?
– რასაკვირველია, აღარ უნდათ, დედა სადმე წავიდეს; სადაც დავდივარ, ისინიც დამყავს და ამით ძალიან ბედნიერები არიან.
გიორგი ბარბაქაძე:
– ცუდია, “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება რომ შეჩერდა. მინდა, ისევ გადასაღებ მოედანზე ვიყო.
– პატარა ბიჭი გადასაღებ მოედანზე პირველად რომ მიხვედი, მაშინდელი ემოცია გახსოვს?
– არ მინერვიულია, მაქსიმალურად ვეცადე საკუთარი თავი წარმომეჩინა. ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოს, სადაც გადაღება ხდებოდა. ჩემს “მშობლებს” პირველად რომ შევხვდი, მე და ქეთას გამოცდილება გაგვიზიარეს, დაგვარიგეს, მერე ყველაფერი მარტივად აეწყო.
– შენ და ქეთა მალე დამეგობრდით?
– პირველივე დღიდან.
– დღეს, როცა იმ პატარა გიორგის უყურებ, რა განცდა გაქვს?
– ის პერიოდი ძალიან მენტარება.
– “ჩემი ცოლის დაქალები” შენთვის რით იყო მნიშვნელოვანი?
– დიდი გამოცდილება მომცა, არა მხოლოდ სამსახიობო, ცხოვრებისეულიც. ბევრი ადამიანი გავიცანი, ხშირად მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ვიყავი, იქ ჩემი მეორე სახლი იყო.
– დღეს შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა გაქვს?
– პერიოდულად ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე.
– მაყურებელი ხშირად გცნობს?
– დიახ. თმა რომ შევიჭერი, მაინც მცნობდნენ და მეკითხებოდნენ, შენ ჯეკოს რომ ასრულებ, ის ბიჭი ხარ, არაო?
– სტუდენტი ხარ, თუმცა მსახიობობა პროფესიად არ აირჩიე. რატომ?
– სიახლეები მიზიდავს, ამ ეტაპზეც სხვა ახალი რაღაც მინდოდა და ბიზნესის მენეჯმენტს ვსწავლობ. ამ ეტაპზე ლექციებზე დავდივარ, სხვა არაფრით ვარ დაკავებული.