“ლიმბახის” ლაბორატორიის დასკვნას გიული ალასანია ეჭვქვეშ აყენებს – რატომ არ სჯერა ექსპრეზიდენტის დედას ანალიზის პასუხების

April 15, 07:53
0
134

ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, გერმანული ლაბორატორიის კვლევის შედეგების მიმართ ეჭვებს გამოთქვამს, რომელმაც დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, მძიმე მეტალები ნორმის ფარგლებშია და ის მოწამლული არ არის. გიული ალასანია კვლავ ამბობს, რომ ინტოქსიკაციის ფაქტები ნამდვილად არსებობს და ამას, მისი თქმით, სხვა უცხოელი ექსპერტები ადასტურებენ.

“ვივამედში” კვლავ ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია და ის ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ზურაბ ჩხაიძემ დღეს გერმანული ლაბორატორიის კვლევის დეტალებზეც ისაუბრა. კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მსჯავრდადებულ პატიმარს ანალიზები პროტოკოლის შესაბამისად აუღეს, რაც შემდგომ “ლიმბახში” გაიგზავნა. გერმანული ლაბორატორიიდან პასუხები კი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლას გამორიცხავს, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

სააკაშვილის პარტია, გერმანული “ლიმბახის” ლაბორატორიის დასკვნას არ ენდობა. ისინი ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა სწორედ მოწამვლის შედეგია. “ნაციონალურ მოძრაობაში” ნდობას ადრე გაკეთებულ დასკვნებს უცხადებენ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდადებული პატიმრის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციაზეა საუბარი.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “ლიმბახის” ლაბორატორიის დასკვნით, მსჯავრდადებული პატიმრის გარემოცვის მიერ, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია, წარუმატებლად დასრულდა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალმა კვლევამ სააკაშვილის გეგმები, მძიმე მდგომარეობის მიზეზით საზღვარგარეთ გადაეყვანათ, ჩაშალა.

“ლიმბახის” ლაბორატორიის დასკვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მოგვიანებით ფაქტი იუსტიციის მინისტრმა, “ღამის კურიერის” ეთერშიც დაადასტურა. გერმანულმა ლაბორატორიამ სააკაშვილის ანალიზების კვლევა “ვივამედის” კლინიკის დაკვეთით ჩაატარა.

Cesko