შსს: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი, არ შეესაბამება სიმართლეს

0
442
26 Views

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გამოეხმაურა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო.

„8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას, მათ შორის, ამავე რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ რევერსულად, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში.

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ დროის მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება სრულად აკრძალულია.

თბილისიდან დასავლეთის და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, შეუფერხებლად. აღნიშნულ გზაზე გადატვირთული მოძრაობა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, კვლავ რჩებიან ადგილზე და ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფენ საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმების მიხედვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko