რასაც ახლა ისრაელში ვხედავთ, არის ჩვენი დემოკრატიული სულისკვეთება, გვაქვს დისკუსიები პარლამენტში, კოალიციასა და ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმას ისრაელში მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი წინააღმდეგია.
„რაც შეეხება რეფორმას, მთავრობა არჩეული იქნა ნოემბერში. დეკემბრის ბოლოს მოხდა მთავრობის ფორმირება და პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ისრაელში ვხედავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ რეფორმის წინააღმდეგია. მათ სჯერათ, რომ ეს რეფორმა დააზარალებს დემოკრატიას. ისრაელის საზოგადოების მეორე დიდი ნაწილი ამ რეფორმის მომხრეა და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის გარეშე ისრაელის დემოკრატია დაზარალდება. რასაც ახლა ისრაელში ვხედავთ, არის ჩვენი დემოკრატიული სულისკვეთება. ვგულისხმობ იმას, რომ გვაქვს დისკუსიები პარლამენტში, კოალიციასა და ოპოზიციაში. ქუჩებში ხალხი დემონსტრაციებს ატარებს ამის საწინააღმდეგოდ. ასევე, არის მხარდამჭერი აქციები”, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანაუჰუმ რეფორმა დააპაუზა და პარალელურად მიმდინარეობს დისკუსიები ისრაელის პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა კომპრომისი იქნას მიღწეული.
„გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ის აპაუზებს ყველაფერს. პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს დისკუსიები ისრაელის პარტიების წარმომადგენლებს შორის, რათა მივიდეთ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე. დღის ბოლოს ჩვენი გზა არის და იქნება დემოკრატიული გზა. მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ მთავრობას აქვს მანდატი, ეს რეფორმა განახორციელოს, დღის ბოლოს, ვფიქრობ, ყველა მიისწრაფვის, მიიღოს უფრო ფართო კონსენსუსი და სწორედ ამას ვხედავთ ახლა – დისკუსიებს ყველა შესაბამის მხარეს შორის”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.
რაც შეეხება აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო პერიოდში ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი არიან ძლიერი მოკავშირეები.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკა და ისრაელი არიან ძლიერი მოკავშირეები, ძალიან ბევრი წელია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამერიკა ისრაელის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ხანდახან, როგორც ეს ხდება ყველა კარგ ოჯახში, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს უთანხმოება. ამერიკას შეუძლია, ნათლად გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და ინტერესი მიმდინარე პროცესებზე და ამას მოჰყვება განხილვა.
ყველას, ვინც შეცდომით ფიქრობს, რომ ისრაელი ამ მომენტში არ არის ძლიერი ან ერთიანი და ეს შეიძლება, იყოს შესაძლებლობა მათთვის, მაგალითად, ვინც ბოლო პერიოდია ჩვენზე თავდასხმებს ახორციელებს, მე ვეტყოდი პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენი სიძლიერეა, რომ შეგვიძლია, გვქონდეს დისკუსიები რეფორმაზე პარლამენტში თუ ქუჩაში”, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელში გამართული აქციები უმეტესად მშვიდობიანია და არ ყოფილა ძალადობის ელემენტები.
„აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანია. რაც შეეხება კომპრომისის ნიშნებს, ის ჯერ არ არის და მე ამას არ ველოდები მაისამდე, რადგან ჩვენ ახლა სადღესასწაულო პერიოდი გვაქვს. ჩემი პროგნოზით, ამ თემასთან დაკავშირებით სიახლეები ალბათ მაისში გვექნება”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.