ანი 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მოზარდის პედაგოგი ამბობს, რომ ანი მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ არ მივიდა.
„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.
გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.
ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა – ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი.
სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.
25 იანვარს 12 წლის გახდა, საოცარი დაბადების დღე გადაუხადა დედამისმა. ისეთი ლამაზი იყო ანი… წარმოუდგენელია, მასზე „იყო” როგორ უნდა ვთქვა, წარსულში როგორ მოვიხსენიო”, – განაცხადა ანის პედაგოგმა.
2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ერთი ვერსიით, ის მ ოკლეს, სხვა ვერსიით, კი მასს საჭმელი გადაცდა და გაიგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
წყარო: კვირის პალიტრა