“ჩემი სურვილი ტელეპატიურად მივიდა გია ბაღაშვილთან” – როგორ იმღერა ქეთი წიკლაურმა გარდაცვლილ მამასთან დუეტი

0
401
16 Views

ჟურნალმა სარკემ ინტერვიუ ქართული სცენის ლეგენდა, თემურ წიკლაურის შვილთან ქეთი წიკლაურთან ჩაწერა:

– ქეთი, 22 იანვარს ბატონი თემურის დაბადების დღე იყო, 77 წელი შეუსრულდებოდა. როგორ გაატარეთ ეს დღე?

– უკვე 2 წელია, ამ დღეს მამის გარეშე აღვნიშნავთ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მძიმე ხდება მამის გარეშე ყოფნა. მისი დაბადების დღის აღნიშვნა ეკლესიით დავიწყეთ, ჩავატარეთ პანაშვიდი, მოვამზადე ყველა ის კერძი, რომლებიც ძალიან უყვარდა და დავურიგეთ ახლობლებსა და მეგობრებს. მის მეგობრებს, ვახტანგ ტატიშვილსა და ნუგზარ კვაშალს, შეხვედრა ჰქონდათ ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლთან, რომლის წინამძღვარი მამაჩემს დიდ პატივს სცემდა. იქ გაიხსენეს მამაჩემთან გატარებული წლები. სოციალურ ქსელში მაქსიმალურად გავაზიარე მამის სიმღერები, ინტერვიუები და ასე გამოვხატეთ ჩვენი მონატრება, სიყვარული, სინანული.

– ზოგადად თუ უყვარდა დაბადების დღე და როგორ აღნიშნავდა?

– ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი თავისი დაბადების დღის მიმართ. საერთოდაც ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და თვლიდა, რომ ადამიანი სანამ დედამიწაზე ხარ და ცოცხლობ, უნდა ხარობდე და ტკბებოდე ცხოვრებით. აქედან გამომდინარე, ყველას დაბადების დღის მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო, უყვარდა აღნიშვნა, საჩუქრების კეთება.

ბოლო წლებში დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. მის ახალგაზრდობაში არ იყო ასეთი ჰედონისტური დამოკიდებულება დაბადების დღის აღნიშვნის მიმართ.

– მამის გარდაცვალების შემდეგ უფრო ხშირად ასრულებთ მის სიმღერებს, “იუმორინას” კონცერტზე ძალიან ემოციური იყო თქვენი ვირტუალური დუეტი თემურ წიკლაურთან.

– ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი გამოვიდა. ინოლა გურგულიას სიმღერაზე “მე განა” გავაკეთეთ დუეტი. ეს სიმღერა მამამ 80-იანი წლების ბოლოს ჩაწერა და კლიპიც აქვს გადაღებული, სადაც მე და ჩემი მეგობრებიც ვმონაწილეობთ. დღევანდელმა ტექნოლოგიებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვესუფთავებინა თემურის ჩანაწერი, დაგვედო მისი ნამღერი და ასეთი ფორმით გამოვიდა დუეტი.

როდესაც მამა წავიდა, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა გვიმღერია დუეტებში. მინდოდა ამის გაკეთება და არ ვიცოდი, როგორ მოხერხდებოდა. თითქოს ეს ჩემი სურვილი ტელეპატიურად მივიდა გია ბაღაშვილთან, შემომთავაზა ასეთი ფორმით დუეტის ჩაწერა და ჩემი ოცნებაც ახდა. კიდევ ვგეგმავ მამის ერთი სიმღერის გაკეთებას.

– ცოტა ხნის წინ მამის შესახებ წიგნი გამოეცით. რა მასალები შევიდა მასში?

– ეს არის წიგნი – “თეიმურაზ წიკლაური – ხმა ალია სულისა”. მასში შესულია ბიოგრაფიული და დოკუმენტური მასალა თემურის განვლილ ცხოვრებაზე, ხოლო უმეტესი ნაწილი შეადგენს წლების განმავლობაში თემურის მიერ შეგროვებულ, ხალხისგან მიძღვნილ ლექსებს, ესეებს, წერილებსა თუ ბარათებს. გარდა ამისა, წიგნი წარმოადგენს უნიკალურ ფოტოალბომს, ვინაიდან მასში შესულია ისეთი ფოტომასალა, რომელიც აქამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული.

ასევე ერთ-ერთ სკვერს დაერქვა მამის სახელი. პროექტი შემუშავებულია, იმედია, დაფინანსება მოჰყვება და მალე მოვაწყობთ ყველაფერს. შევეცდებით, ეს სკვერი იყოს ისეთი, რომ იქ მისული ადამიანი შეივსოს იმ ემოციებითა და ენერგეტიკით, რაც მის შემოქმედებას ახასიათებდა.

– თქვენს ოჯახში რომ ნიჭიერების ზეიმია, ეს ფაქტია. თქვენი შვილი ელექტრონულ მუსიკალურ სფეროში ძალიან წარმატებულია და მისი შექმნილი მუსიკა კოსმოსშიც კი გაიგზავნა. გვიამბეთ ამ ფაქტზე.

– სიმბოლური იყო, რომ 4 ოქტომბერს გავაკეთეთ ამ წიგნის პრეზენტაცია და ამავე დღეს ანდრიას ტრეკი კოსმოსში გაეშვა. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ჯერ 25 წლის არის და უკვე ამხელა მიღწევა აქვს. წარმოიდგინეთ, უდიდესმა ტელესკოპმა გააგზავნა რადიოსიგნალი, სადაც შესული იყო 15 ძალიან ცნობილი დიჯეის ტრეკები. სიგნალი გაიგზავნა ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებულ პლანეტა კა12-ზე და ეს ხმა 100 წლის შემდეგ ჩააღწევს.

– როდესაც შვილი ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა, თქვენი დამოკიდებულება როგორი იყო, მოუწონეთ არჩევანი, მხარი დაუჭირეთ?

– ანდრიას ელექტრონული მუსიკით გატაცება თავიდანვე ძალიან სწორად აღვიქვი. მე რომ თინეიჯერი ვიყავი, მაშინაც იყო ელექტრონული მუსიკის შექმნის პატარ-პატარა მცდელობები და მე ძალიან მომწონდა. ყოველთვის ვცდილობ, რომ პროგრესს არ ჩამოვრჩე. ამიტომაც ყველანაირად ხელი შევუწყე, ანდრიას თავისი საქმე ეკეთებინა.

– ჯერ არ მისულხართ იდეაამდე, რომ საკუთარ შვილთან შემოქმედებითად გეთანამშრომლათ?

– კი, ეს იდეა დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით სისრულეში ვერ მოვიყვანეთ. მეტსაც გეტყვით, ალექსანდრე ბასილაიას შვილიშვილები გატაცებულები არიან ელექტრონული მუსიკით. დაიბადა იდეა, რომ ანდრიას – ბაბუის, თემურ წიკლაურის და ლიზას და ტუსიას ბატონი ალექსანდრეს მუსიკა აეჟღერებინათ ელექტრონულად. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს მომენტიც აუცილებლად დადგება.

– განვლილ წლებს როდესაც აფასებთ, რა ემოციები გეუფლებათ, თქვენს მუსიკალურ კარიერაში ყველაფერი გააკეთეთ თუ რამემ ხელი შეგიშალათ?

– ვთვლი, რომ ნამდვილ ხელოვანს არასოდეს აქვს კმაყოფილების შეგრძნება. ადრე უფრო მეტს ვმუშაობდი შემოქმედებითად, თუმცა დღეს უფრო მეტად ჩანს ამ სოცქსელებისა და ინტერნეტის დამსახურებით. ადრე თუ ბილეთს არ იყიდდი და კონცერტზე არ წახვიდოდი, ისე ვერასოდეს გაიგებდი, რა ხდებოდა მომღერლის შემოქმედებაში. ახლა კი “იუთუბით” და სოციალური ქსელით შეგიძლია შეაფასო მომღერლის გამოსვლა ამა თუ იმ კონცერტზე, გადაცემაში. ახლა კონცერტები იშვიათად ტარდება. საერთოდ, ვთვლი, რომ გარდამავალ პერიოდში ვართ. მალე ყველაფერი შეიცვლება, ციფრული სამყარო მნიშვნელოვან გარდატეხებს მოახდენს ჩვენს ცხოვრებაში.

– რაც სცენაზე დგახართ, ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხართ. ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ზრუნვა გიწევთ თუ გენეტიკის დამსახურებაა?

– მადლობა კომპლიმენტისთვის. ეს ძირითადად გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა ვცდილობ, ჯანსაღი წესით ვიცხოვრო, ცოტა ვივარჯიშო, ჯანსაღად ვიკვებო, სუფთა ჰაერი, პოზიტიური განწყობა, არატოქსიკური ხალხის გარემოცვა, კარგი წიგნები… ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას, კარგად გამოიყურებოდე. ვიყენებ თავის მოვლის ელემენტარულ საშუალებებს.

სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვარ მოდური ინექციების. შეიძლება გამაახალგაზრდავებელი ინექციების გაკეთების შიშიც მაქვს, მაგრამ ისედაც არ მომწონს, ამ ბოტოქსის შედეგად ყველას ერთნაირი სახე და ტუჩი რომ აქვს. მგონი, მთელ მსოფლიოში ტენდენცია უბრუნდება ბუნებრიობას. რა თქმა უნდა, თავს უნდა მოუარო, მაგრამ გარეგნობაში კარდინალური ჩარევების წინააღმდეგი ვარ. ბოტოქსისა და ფილერის გამოყენებას, თუ აუცილებლობა დადგა, პლასტიკური ქირურგია მირჩევნია.

– თავის მოვლის თქვენთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი რა არის?

– თავის მოვლის რეგულარული რუტინა – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე მაკიაჟით დაძინება. შინაგანი განწყობა და ინდივიდუალიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანის თვალში ინტელექტის ოდნავი ნაპერწკალი მაინც არის, ეს უკვე ძალიან კარგად აისახება გარეგნობაზე. ყოველთვის უნდა მიენდო იმ საშუალებებს, რომლებიც საკუთარი თავის მოვლაში ყველაზე ეფექტურია. სიბერეს და სიკვდილს ვერავინ გავექცევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და არ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ეს ცხოვრების წესია.

ვთვლი, რომ ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი. მაგალითად, როდესაც მეუბნებიან, 20 წლის გოგოსავით გამოიყურებიო, ცოტა შეურაცხყოფილი ვრჩები. ეს ნიშნავს, რომ ვერ მართავენ კომპლიმენტებს. ალბათ ამით იმის თქმა სურთ, რომ კარგად გამოვიყურები, რისთვისაც მადლობა, მაგრამ მე კარგად გამოვიყურები ჩემი ასაკისთვის. ნამდვილად ძვირფასია მთელი ის წლები, რომლებიც გამოვიარე.

– ძალიან ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

– იმედია, ამ ჩემი სიძლიერით ყველაზე სუსტი არ ვარ.

წყარო – sarkenews.ge

ავტორი – ავთო ჩიტიძე

Cesko