სპეციალისტები ბავშვის სქესის წინასწარ პროგნიზირებისგან თავს იკავებენ. ეს არც ისე ეთიკურია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში შერჩევითი აბორტის ფენომენი არსებობს და მშობლები სქესის მიხედვით წყვეტენ, გააჩინონ თუ არა შვილი. თუმცა, არსებობს გამოცდილი მეთოდები, რითაც წინასწარ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი შვილის სქესი და ეს მეთოდები, რასაკვირველია, 100%-იანი არ არის, თუმცა ბევრს გამოუცდია და ბევრჯერ გაუმართლებია მოლოდინები.
ოვულაციის მეთოდი
ალბათ, ყველას გახსოვთ სკოლის სასწავლო მასალა, რომლის მიხედვითაც XX ქალის ქრომოსომებია, XY კი – მამაკაცის. თუ ქალის კვერცხუჯრედი X ქრომოსომით განაყოფიერდა, გოგონა დაიბადება, ხოლო Y ქრომოსომის მქონე სპერმის შემთხვევაში – ბიჭი. დამტკიცებულია, რომ Y სპერმატოზოიდი აქტიურია, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ნაკლებად აქტიური X, პირიქით, გაცილებით გვიან იღუპება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამოცანა Y ქრომოსომის “დაჭერაა”, თუ ბიჭი გვინდა.
ოვულაციის დღეს ბიჭის ჩასახვის შანსი უფრო დიდია, ვიდრე სხვა დღეებში, რადგან Y ქრომოსომისთვის ტუტე არე უფრო ხელსაყრელია. ოვულაცია ჩვეულებრივ ხდება მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე 14 დღით ადრე. 28-დღიანი ციკლით ეს დღე მე-14 დღეს უწევს. თუმცა, შესაძლებელია დარღვევა სტრესისა თუ სხვადასხვა დაავადების გამო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ოვულაციის დროს მართლაც უფრო მარტივია Y სპერმატოზოიდების შეღწევა ქალის კვერცხუჯრედში, თუმცა მეთოდი 100 პროცენტით არ ამართლებს. ოვულაციის დროს შანსი, რომ ბიჭი ჩაისახოს, 60-70 პროცენტია.
იაპონური კალენდარი
თურმე იაპონელები ბიჭის დაბადებას ბედის საჩუქრად თვლიან და მას განსაკუთრებით ანებივრებენ. ნებისმიერ ასაკში ბიჭის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და შეიძლება ითქვას, რომ ეგოისტურადაც ზრდიან.
კალენდარი მარტივია. პირველ რიგში ოჯახის წევრების რიცხვს განვსაზღვრავთ. ეს არის ქალისა და მამაკაცის დაბადების თვის ხაზების გადაკვეთა.
მიღებულ ციფრს მეორე ცხრილში ვამოწმებთ და ვითვლით იქსებს, თუ განსაზღვრულ თვეებში რა ალბათობა არსებობს, რომ ბიჭი ან გოგო დაიბადოს. სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ ამ მეთოდით ვაჟის ან გოგონას ჩასახვის შანსი 50%-ია.
სისხლის განახლება
მამაკაცს თუ ქალზე ახალგაზრდა სისხლი აქვს, ბიჭის ჩასახვის შესაძლებლობაა. ეს რომ გავიგოთ, მომავალი მამის ასაკს ვყოფთ 4-ზე, ხოლო დედის ასაკს – 3-ზე. ვადარებთ ციკლს. რომლის სისხლიც უფრო “ახალი” იქნება, ის გაიმარჯვებს. ანუ ქალს 3 წელიწადში უახლდება სისხლი, კაცს – 4 წელიწადში ერთხელ და ვისაც ახალი გაახლებული აქვს, მას აქვს მეტი შანსი, მისი სქესის ბავშვი დაიბადოს. თუმცა, თუ მასიური სისხლდენა ჰქონდა რომელიმეს, ეს ფაქტი აუცილებლად მოახდენს გავლენას. მაგალითად, თუ მამაკაცმა ან ქალმა ოპერცია გადაიტანა, ასაკის დათვლას დაბადებიდან კი არა, ოპერაციის თარიღიდან ვიწყებთ. გარდა ამისა, ითვლება, რომ ქალის უარყოფითი რეზუს-ფაქტორი პირიქით ცვლის ყველაფერს. ანუ, “ასაკიანი” სისხლი უფრო ძლიერია, ვიდრე “ახალგაზრდა”.
სპეციალისტების თქმით, ამ მეთოდის შესახებ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ და საზოგადოებაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ უარყოფითი რეზუს-ფაქტორიანი ქალები მხოლოდ ერთი სქესის ბავშვებს აჩენენ. თუმცა, ექიმები დარწმუნებით ამბობენ, რომ ასე არ არის.
ჩინური კალენდარი
კალენდარი შვიდი საუკუნის წინ გამოიგონეს. ამ კალენდრით ბევრი სარგებლობს.
როგორ ვისარგებლოთ კალენდრით? ჩინელების გაგებით, დედის დაბადების თარიღი ჩასახვის თარიღია და არა ამქვეყნად მოვლინების და ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუ თქვენ არ ხართ დაბადებული იანვარში ან თებერვალში (ამ თვეებში იწყება ახალი წელი ჩინელების მთვარის კალენდრით), მაშინ უბრალოდ უნდა დაუმატოთ 9 თვე თქვენი დაბადების თარიღს. თუ შვიდთვიანი ან რვათვიანი დაიბადეთ – მაშინ 7 ან 8 თვე უნდა დაუმატოთ. ცხრილში გადაკვეთის ადგილს ნახავთ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ამ მეთოდით სქესის დაგეგმვა 50-50-ზეა.
არის კიდევ მეთოდები, რომლებსაც დაუჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია
• თუ ქალის ასაკი იყოფა ორზე, მაშინ ვაჟის ჩასახვა კენტ თვეებშია შესაძლებელი (მაგ. იანვარი, მარტი, მაისი და ასე შემდეგ). თუ არა, მაშინ პირიქით.
• გამხდარი გოგონები, რომელთა წონაც 54 კილოგრამზე ნაკლებია, დიდი ალბათობით გოგონას გააჩენენ.
• სქესობრივი კავშირით ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს ვაჟი გაჩნდება.
• თუ მამაკაცი უფროსია და უფრო აქტიურია ქალზე, დიდი შანსი არსებობს, რომ ბიჭი გაუჩნდეთ.
წყარო: mshoblebi.ge