რუსეთთან მიერთების განხილვაც კი სისხლის სამართლის დანაშაულია – სერგეი შამბა

0
864
22 Views

„აფხაზეთს აქვს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოდელის შეცვლა შეუძლებელია“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. შამბამ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად 22 თებერვლისთვის რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში ბელარუსის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიღებას გეგმავს.

„მე რამდენიმე ასეთი განცხადება გამომიგზავნეს, გაუგებარია ვინ გააკეთა ისინი. მე თავიდან არ მივაქციე მათ ყურადღება, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ საჭიროა ამას პასუხი გავცე. ჩვენი საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ამ საინფორმაციო კამპანიას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს საკითხები ასე არ წყდება – წავიდა პრეზიდენტი მოსკოვში, ჩამოვიდა და ჩვენ უცებ რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდით. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამ საკითხის განხილვასაც კი გამორიცხავს. და ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი არის გათვალისწინებული.

ეს სრულიად არარეალური საკითხია, პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით წავიდა. მას დღეს უშიშროების საბჭოში აქვს შეხვედრები, რამდენიმე დღეში მეც უნდა გავემგზავრო მოსკოვში და კოლეგებს შევხვდე, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გარკვეული ღონისძიებები, სადაც ერთობლივად ვიმოქმედებთ. ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვის თემა განხილვას არ ექვემდებარება და ჩვენ ამაზე ვერასოდეს წავალთ.

ერთადერთი, რაზედაც მომავალში, ექსპერტების დონეზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის გაერთიანება რაღაცა ორგანიზაციაში, მაგალითად, ევრაზიულ კავშირში, ევროკავშირის მსგავს სტრუქტურაში, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას არ ნიშნავს. არ ვიცით, არანაირი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. ეს არის უფრო ექსპერტთა აზრები, რისი განხილვაც ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია. მსგავს საკითხებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან ჩვენ არ განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ ვიცით რუსეთის ლიდერების პოზიცია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადასინჯვას არ ექვემდებარება.  ამაზე არაერთხელ უსაუბრია რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტსაც და სხვა ოფიციალურ პირებსაც“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

წყარო: pia.ge

Cesko