„ემპათიას“ საქმიანობა უნდა აეკრძალოს! – მაია ნიკოლეიშვილი

February 15, 19:04
0
2410

გვესაუბრება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

— სააკაშვილის «შთამბეჭდავი» კადრების ხილვის მერე, ოპოზიცია ბობოქრობდა: მოსამართლე განაჩენის გამოსატანად რატომ მაშინვე არ გავიდა და მიშას სასჯელი არ გადაუვადაო.
– მიშა საკუთარი ოჯახის მძევალია, რომელიც დედამ და ბიძამ პოლიტიკურ პროექტად აქციეს. სააკაშვილთან მიმართებით ღირსებაზე, თავმოყვარეობაზე, თუნდაც კაცობაზე ვერ ილაპარაკებ. რასაც ეტყვიან, უსიტყვოდ ასრულებს: დედიკო, აბა, ნეკნები აჩვენე; დედიკო, აბა, ბიძიებს «პასპორტი» აჩვენე. ასეთი რამ რომც გითხრან, როგორ უნდა გააკეთო, სირცხვილია.
9-წლიანი მმართველობის დროს სააკაშვილი თავისი ტრიბუნით დღე და ღამ ხან სად დარბოდა და ხან — სად. ახლა იგი პრეზიდენტი აღარ არის, საქართველოს მოქალაქეობაზეც უარი თქვა, სამშობლოდანაც გაიქცა, თუმცა, ქვეყნის მთავარ დღის წესრიგში მაინც «საპატიო» ადგილი უჭირავს. ადრე ვამბობდით: დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ისევ შევარდნაძის ეპოქააო. იგივე ხდება ახლაც — თაობები დაიბადნენ, გაიზარდნენ და ჩვენ ისევ სააკაშვილზე ვსაუბრობთ. ეს წყევლაა. მიშას სასამართლო პროცესებზე არაერთი სიცრუე, სუბიექტური მიდგომა, მანიპულაცია მოვისმინეთ. სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად საერთაშორისო კამპანია გაჩაღდა — ფოტიგები, კრამონები და სხვები «უდანაშაულო პოლიტპატიმრის» გათავისუფლებას მოითხოვენ. ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ განაცხადა: ფაქტები არ მაინტერესებს, რაც ვიხილე ისიც საკმარისიაო. დიახ, მან «დიაგნოზი» თმადაუვარცხნელი, ნეკნებგამოწეული, ლოყებჩაცვენილი მიშას დანახვით დასვა. სააკაშვილი საწოლში თავისუფლად მოძრაობს. ამ დროს ამბობენ, რომ ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება! ნინო ნადირაძემ აღნიშნა: იმდენი ტყუილი თქვეს, ყველაფერი აერ-დაერიათ. ტყუილი რომ თქვა, ძალიან კარგი მეხსიერება უნდა გქონდესო. ასე როგორ უნდა გაიბანძო თავი, თან ასე ბრიყვულად, რომ პირდაპირ ეთერში ნეკნები გადმოყარო და სტრიპტიზი მოაწყო. ეს, სულ მცირე, სირცხვილია. სხვა თუ არაფერი, ქალიშვილების მამაა და მისი საქციელის გამო ბავშვებს ვიღაცამ რატომ უნდა დასცინოს. მიკვირს, სააკაშვილის მსგავსი ადამიანი, უფრო სწორად მისი ოჯახი საქართველოს როგორ მართავდა. მიშა, საკუთარი ოჯახის მძევალია. გიული და თემურ ალასანიებმა მისგან პოლიტიკური პროექტი სახელწოდებით «სააკაშვილი» შექმნეს.
— როგორც ირკვევა, სააკაშვილი «ემპათიის» რეკომენდაციით იღებდა მედიკამენტებს, დაბალკალორაჟიან საკვებს და ა.შ.
— ამას მარტივად მავნებლობა ჰქვია. «ემპათიისა» და მისი ხელმძღვანელის მავნებლური საქმიანობა ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის. იმედია, მალე ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. არ შეიძლება, ექსპერტიზის საფარქვეშ ათას მავნებლობას სჩადიოდე. «ემპათიის» ხელმძღვანელმა დასკვნაში პირდაპირ ჩაწერა: სააკაშვილის ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებები იქნა აღმოჩენილიო. ეს სასამართლოზეც დაადასტურა. მიშა სკრიპალთან და ნავალნისთან გააიგივეს. საიდან მოიგონა ჯიშკარიანმა მსგავსი სისულელე, ჩემთვის გაუგებარია. ეს ექსპერტიზა კი არა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობაა.
«ემპათიის» ხელმძღვანელი ყოველდღიურად გვაოცებს. ვინც ამ სფეროში მუშაობს, ყველამ იცის, რომ მოსამართლე დიდი ფიგურაა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეპასუხო. როცა იგი მოგმართავს, ფეხზე უნდა წამოდგე. ეს თეატრალიზებული სამართალწარმოებაა, სადაც მოსამართლეს მანტია აცვია და შემაღლებულ ადგილზე ზის. სასამართლო პროცესზე ყველას თავის როლი აქვს. თქვენო ღირსებავ, — ასე მიმართავ მოსამართლეს. ვფიქრობ, ჯიშკარიანი მსგავს პროცესზე პირველად იყო. მან არ იცის ელემენტარული: — მოსამართლეს არ უნდა შეეპასუხო, ჭკუა არ უნდა დაარიგო, კითხვა არ უნდა შეუბრუნო და ა.შ. თუ შეკითხვა მიუღებელია, ადვოკატი მას მოხსნის. სასამართლო პროცესი ცალკე რიტუალია. ჯიშკარიანი ექსპერტობას იბრალებს. სად გაგონილა, დაკითხვის დროს მოწმეს ხელში ტელეფონი ეკავოს და მესიჯებს კითხულობდეს! მით უმეტეს, დაუშვებელია მოწმეს მისწერო მოსამართლეს რაც უნდა უპასუხოს. დაკითხვის დროს, როგორც წესი, ტელეფონს ჩანთაში ვტოვებ. ჩემთვის გაუგებარია, «ემპათიას» ამ ყველაფრის მერე ლიცენზია როგორ უნდა შეუნარჩუნდეს, ან საექსპერტო საქმიანობის უფლება გაუგრძელდეს! ჯიშკარიანმა პასუხი უნდა აგოს!
— ერთ-ერთ უცხოელ ექსპერტს სასამართლოზე ჰკითხეს: საიდან იცით, რომ სააკაშვილს აწამებენო. მან უპასუხა: გიული ალასანიამ და თავად სააკაშვილმა მითხრესო.
— დიახ, გაუგონარი ამბები ხდება. მაგალითად, აღინიშნა, რომ ექსპერტ ერიკ დევიდ გოლდ სმიტის მსჯელობა ძალიან გულუბრყვილო იყო. გასარკვევია, ეს ექსპერტი მართლა ასეთი გულუბრყვილოა თუ დაინტერესებული მხარეა. უცხოეთში, პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, მეცნიერული სასამართლო მედიცინა არსად აქვთ. ეს ჩვენი უზარმაზარი მონაპოვარია. მეტიც, ამერიკაში, საერთოდ, ცოცხალ პირთა ექსპერტიზა არ არსებობს! ჩვენ კი გვაქვს და ამის დანგრევის უფლება არავის უნდა მივცეთ. ეს ობიექტურობისა და სამართლიანობის განმაპირობებელია. სააკაშვილის სასამართლოზე უცხოელი ექსპერტები სრულ სიყალბეს აჟღერებენ. ჩვენი კანონმდებლობა დაუსაბუთებლობას არ სცნობს. აქვე ერთსაც გეტყვით: ექსპერტმა, ელემენტარულად, სასამართლო სხდომაზე ტერმინოლოგია არ უნდა გამოიყენოს. ექიმი იქნება თუ ფიზიკოსი, იმ ენაზე უნდა ილაპარაკოს, რაც იურისტს, მოსამართლეს ესმის. როცა გამოიყენებ ტერმინს — დემენციას, იქვე უნდა განმარტო, რომ ეს ჭკუასუსტობაა. სამედიცინო ტერმინოლოგია შემოიტანეს ექიმებისთვის, რათა მათ ერთმანეთში საუბრისას პაციენტი არ დაეთრგუნათ. ექიმების პაციენტის საწოლთან საუბრის შინაარსი, სხვამ ვერ უნდა გაიგოს. ეს ცალკე ენაა. სამედიცინო ტერმინოლოგიით სასამართლოში საუბარი არ შეიძლება. რა გამოდის, მოსამართლეს უმალავ?!
— რამდენიმე დღის წინ ჟურნალ «ატლანტიკში» გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა: მძიმე მეტალების აღმოჩენა სააკაშვილის ორგანიზმში სხვა არფერია, თუ არა სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული დანაშაულებრივი განზრახვა. მიშას ნელი სიკვდილით კლავენო.
— სად არის აქ სიმართლე? დასავლური ღირებულებების დევალვაცია სწორედ ამიტომ ხდება — ასეთი წერილის წაიკითხვის შემდეგ, რაღა უნდა დაიჯერო. ამ დროს, სააკაშვილის ორგანიზმში ნორმაზე მაღალი არცერთი მეტალი არ აღმოჩენილა. არც აქ და არც დასავლეთში სიმართლე არავის აინტერესებს, არამედ მხოლოდ ბოლს უშვებენ და ემოციებზე თამაშობენ. საზოგადოება იმდენ ტყუილებს ისმენს, რომ ე.წ. დასავლური ღირებულებები აღარ ხიბლავს. მინდა გითხრათ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანი, საბჭოთა განათლებიდან გამომდინარე, ძალიან განათლებულია და მასთან ვერცერთი ზოგადგანათლებამიღებული დასავლელი ახლოსაც ვერ მოვა. მათ შეიძლება საკუთარ სპეციალობებში ახალი ტექნოლოგიები ჰქონდეთ ათვისებული, მაგრამ სათანადოდ განათლებულნი მაინც არ არიან, განსაკუთრებით, ამერიკელები. კელი დეგნანის ზოგადი განათლება, ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველის განათლებასთან შედარებით, არაფერია. მერე უკვირთ, რატომ შტერივით არ იჯერებ იმას, რაც გითხრეს, რატომ არ ყლაპავ იმ აბს, რომელიც მოგაწოდეს და ა.შ.
— ამიტომაც ვერ დაგვაჯერეს, რომ მიშა წამებული პოლიტპატიმარია. ამ სიტყვის დეფინიცია სააკაშვილის შემთხვევაში აშკარად დარღვეულია. რა შედის წამებაში: მას ურტყამენ, დაბმული ჰყავთ, აშიმშილებენ?
— გავიხსენოთ ჯორჯ ორუელის «1984», სადაც ტყუილი სიმართლეა, ომი — მშვიდობა. სააკაშვილის ქმედებაზე კომენტარის გაკეთება ძნელია. კომუნისტების დროს გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია, უტყუარი სიმართლე იყო. ახლა პირიქითაა. ჩვენ მაშინაც გვეცინებოდა და საბჭოთა კავშირის დროს თავს მოხვეულ ბევრ დოგმას კრიტიკულად ვუყურებდით. სამწუხაროდ, დასავლეთის პრესა ცრუ ინფორმაციებმა წალეკა. ჩვენთვის რაც სამაგალითო იყო, ახლა გაშიშვლებულია და ცარიელ-ტარიელ, განძარცვულ, უინტელექტო ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც მანიპულაციის მსხვერპლნი თავად არიან. განა რამით განსხვავდება მარაზმატიკი ბრეჟნევისგან მარაზმატიკი ბაიდენი?! ბაიდენი რასაც აკეთებს, ამას ქვეყნის მართვა ჰქვია?! ქვეყანა სიცრუით არ იმართება!
— სააკაშვილს დამცველად ზელენსკიც გამოუჩნდა და მსოფლიოს მისი სურათები აუფრიალა.
— ამ პიროვნებაზე რა უნდა გითხრათ, მან უკრაინა და უკრაინელი ხალხი გააუბედურა, გაწირა. სლავები — უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ხოცავენ, ჟლეტენ. ამაზე მეტი კატასტროფა რა უნდა იყოს. იგივე ხდება, რაც ჩვენი, აფხაზების და ოსების შემთხვევაში იყო. განა შეიძლება, ზელენსკიზე, როგორც ადამიანზე, ისე ილაპარაკო?! იგი სააკაშვილზე დარდობს, როცა უკრაინელი ხალხი გაწყვიტა. არ ვიცი, რა ეშველება უკრაინას, ამხელა ქვეყანა ზელენსკიმ მიწასთან გაასწორა და სააკაშვილს უპატრონებს?! ზელენსკის პოლიტიკური დღეები დათვლილია.
— სასამართლომ მოწმის სახით ნინო ნადირაძე დაკითხა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
— ყოჩაღ, ნინო ნადირაძის გამბედაობას. თურმე, როგორ ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. თუმცა, რა მიკვირს, ჩემი დისკრედიტაციაც ხომ სცადეს, რათა ამ საქმეში არ ჩავრთულიყავი. სააკაშვილის რეჟიმგამოვლილს რა უნდა გამიკვირდეს?! მათ ჰგონიათ, რომ დისკრედიტაციის მცდელობით გაგვაჩერებენ. ექიმებს, ექთნებს აშინებენ და სიმართლეს ასე ჩქმალავენ. კრაზანების ბუდეა, რომელიც ბულინგითაა დაკავებული. ამაზე, წესით, პასუხი უნდა აგონ.
სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო სიმულაციას, აგრავაციას. ამ ფონზე მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტები გვეუბნებიან: მიშა მოწამლულიაო და ამ დროს მის ორგანიზმში ნორმაზე მაღალი არცერთი მეტალი არ აღმოჩენილა. ასევე, ექსპერტები ვერ პასუხობენ: რომელი ხარისხის ჭკუასუსტობა იკვეთება. საუბრობენ დემენციაზე მაშინ, როცა სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში უცხოეთში სხვადასხვა ენაზე დაწერილ წერილებს აგზავნის. ამ ფონზე, სასჯელის გადავადება მართებული არ იქნებოდა. სააკაშვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ნამდვილად აქვს, რაც ბავშვობიდან მოსდევს და ახლა გაუმძაფრდა. ეს სხვა თემაა.
ევროპარლამენტში, ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში საინფორმაციო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მაგრამ ამის სახელწოდება მხოლოდ «FრეეMისჰა» არ გახლავთ. ეს არის ქვეყნის, მთლიანად რეგიონის აწეწვის მცდელობა. დიახ, ამ ყველაფრის ბოლო გაჩერება რეგიონში — სამხრეთ კავკასიაში არეულობის მოწყობის სურვილია.
— უხერხული არ არის მიშას სამკურნალოდ გაშვება, თუნდაც იმ ადამიანების და მათი ოჯახების მიმართ, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა სასტიკად აწამა?
— ამ მომენტში ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ვამზადებ. აღნიშნულ პირს მართლაც აქვს დემენცია. იგი ვერ გადაადგილდება. მას დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია — ხელ-ფეხი არ ემორჩილება და ასეთი ადამიანი ციხეში ჩატოვეს. მოსამართლემ თვითცენზურა გამოიყენა. ეს მიშას საქმის გამო ხდება, სხვა შემთხვევაში სულ სხვა განაჩენი დადგებოდა. თავად სასჯელაღსრულების სისტემას არ სჭირდება ისეთი პატიმარი, რომელიც თავისით ვერაფერს აკეთებს. ამ დროს სააკაშვილი ფუფუნებაშია. როგორც გავიგე, მიშა «ვივამედის» ერთსართულს მთლიანად იკავებს. მის გამო 60 საწოლი 35-მდეა შემცირებული.
— სასამართლო პროცესის შემდეგ ხაბეიშვილი დესტრუქციით იმუქრება, როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება?
— ხაბეიშვილი, უბრალოდ, ამ დიდი სპეცოპერაციის ლოგოა. სინამდვილეში, მთავარი ფიგურა ლომჯარია იქნება. ეს აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც იგი აშშ-ის დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოთი დააჯილდოვა. ხაბეიშვილი გარდამავალი პერიოდის ფიგურაა. ეს ყველამ ვიცით. უბრალოდ, არ ვიცოდით ვინ იყო მისი «საქმის» გამგრძელებელი, თუმცა, ლომჯარიას დაჯილდოვებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ხაბეიშვილი მხოლოდ პაიკია. მან შავი საქმე უნდა გააკეთოს. დიახ, მავრი უნდა იყოს ხაბე. უფრო სწორად, მავრი არის «ხებე», რომელმაც არეულობა უნდა მოაწყოს. მას, ალბათ, უკრაინიდან, დასავლეთიდან გარკვეული ძალები მიეხმარებიან. თუმცა, არეულობას ვერ მოაწყობენ. ქართველ ხალხს ვეღარ გააბრიყვებენ. მით უმეტეს, რომ ჩვენ, თურქეთი და აზერბაიჯანი დღეს ერთ ნავში ვსხედვართ. სამივეს მშვიდობა გვინდა. სომხეთსაც უნდა მშვიდობა, მაგრამ მას ძალიან ბევრი შიდა წინააღმდეგობა აქვს, დაახლოებით ისეთი, ჩვენ რომ გვქონდა გასულ წლებში. აი, ამ გზას გადის ახლა სომხეთი. დასავლურით გატაცება მათ ახლა დაეწყოთ. ამერიკული სომხური ლობი უზარმაზარ როლს თამაშობს, რომელიც რუსეთში სომხური ლობის ტყუპისცალია. ვფიქრობ, დღეს სომხეთს სტაბილურობის შენარჩუნება გაუჭირდება. შესაძლებელია, სამხრეთ კავკასიის აწეწვის მონახაზები სწორედ აქეთ იყოს მიმართული. იმიტომ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს დღეს სტაბილურობა ჰაერივით სჭირდებათ. განსაკუთრებით ერდოღანს, რომელსაც წინა საარჩევნო პერიოდი, ფაქტობრივად, დაწყებული აქვს.
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვა ხელისუფლებები. დიახ, ამჟამინდელი მთავრობა ბევრად დამოუკიდებელიც არის და საქართველოზე მოფიქრალიც. ასევე, ორიენტირებულია ეკონომიკურ პროექტებზე და, რაც მთავარია, ჩვენს უშიშროებას ამერიკის საელჩო არ უზრუნველყოფს. ჩვენ გვყავს ქართული უშიშროება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის იგივე სამსახურებთან. ამიტომ, ვფიქრობ «ხებეს» გამოყენებით ლომჯარიას აღზევება და ქვეყნის არევა, არ გამოვა. ეს პროექტი ძირშივე განწირულია. რაც მთავარია, ამის ყველაზე მეტად იმიტომ მჯერა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს ტაძრებში აღდგომას წირვა-ლოცვა აღევლინა. ერი გამოფხიზლდა, ბევრმა ადამიანმა ფიქრი დაიწყო, რაშიც «ხალხის ძალის» დიდი წვლილიცაა. მათ საზოგადოებას დაანახეს, საით არის სიმართლე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ის, რასაც ჩვენ სახლში, ტაქსში, ახლობლებში ვსაუბრობდით, ამ ადამიანებმა საჯაროდ თქვეს, რაც დიდი გამბედაობაა. როცა ქვეყანა ასეთი დიდი საფრთხეების წინაშეა, «ხალხის ძალის» მიერ გადადგმული ნაბიჯები გმირობის ტოლფასია.

მაია ნიკოლეიშვილი, სამედიცინო ექსპერტი; სოციალური ქსელი

Cesko