1982 წელი. ჰამლეტ გონაშვილი გასტროლებზეა. პირველი სექტემბერი მოდის. ის თავის შვილებთან არ არის, არადა, როგორ უნდოდა პირველ სექტემბერს მათთან ერთად წასულიყო სკოლაში. ისღა დარჩენია, შვილებს წერილი მისწეროს…
“ჩემო საყვარელო შვილებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, ყოველთვის იყოთ კარგი მოწაფეები და სანიმუშო ყოფაქცევით შემკული ახალგაზრდები. განსაკუთრებით ვულოცავ გიორგის პირველკლასელობას, ფრიადოსნობას გისურვებ, გზა დამილოცია. მყავდით მუდამ კარგად, გკოცნით ბევრს, ძალიან ბევრს.
მომიკითხეთ და დამიკოცნეთ დედიკო ლამარა, მოკითხვა ყველა თქვენს კეთილისმსურველს.
თქვენი მოსიყვარულე მამიკო ჰამლეტი. 01.09.82, სოჭი.”
ერთი ჩვეულებრივი წერილია, თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ სიყვარულით სავსე… საგასტროლოდ მყოფი მონატრებულ ოჯახს ასე ეფერებოდა. ეს ერთგვარი ტრადიცია იყო…
ლამარა ცინცაბაძე, ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე: “საოცრად ყურადღებიანი მამა იყო. იმის მიუხედავად, რომ ხშირად უწევდა გასტროლებზე ყოფნა, შვილების სწავლა-განათლებაში მაინც აქტიურად მონაწილეობდა. 1982 წელს ჩვენი უმცროსი ვაჟი, გიორგი, პირველ კლასში შედიოდა. მაშინ ჰამლეტი სოჭში იყო გასტროლებზე და გული სწყდებოდა, რომ შვილს სკოლაში ვერ მიაცილებდა და ასე მოულოცა პირველი სექტემბერი ბავშვებს.
რომ გითხრათ, შვილებისგან ყოველდღე გაკვეთილებს იბარებდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა, ხშირად აკითხავდა სკოლაში, ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა პედაგოგებთან, ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა, რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ და სწავლობდნენ ბიჭები.
ყველაფერში განსაკუთრებული იყო. არასდროს ავიწყდებოდა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო თარიღები, უბრალო ნაცნობების დაბადების დღეებიც კი”.
გიორგი გონაშვილი, ჰამლეტ გონაშვილის ვაჟი: “ეს წერილი პირველი სექტემბრის მოსალოცია და ამიტომაც არის ასე მოკლე, თორემ წერილს რომ გამოგზავნიდა, ბოლო ორ გვერდს მარტო ნათესავებისა და მეზობლების მოკითხვას უთმობდა.
ხშირად გვაკითხავდა სკოლაში. მშობელთა კრებას არ გააცდენდა. მე და ჩემი ორი წლით უმცროსი ძმა, სკოლის პარალელურად, მუსიკალურ ათწლედში დავყავდით. საოცრად მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ, ერთი ასეთი ამბავი მახსენდება: მეორე კლასში ვიყავი. გაკვეთილების მერე მამას უნდა მოეკითხა სკოლაში. ველოდები, ის კი არ ჩანს. მაშინ მასწავლებელმა თავის სახლში წამიყვანა. მამას გზაში მანქანა გაჰფუჭებია და სკოლაში მისული, კარგა ხანს მეძებდა თურმე. მერე არ ვიცი, როგორ, მაგრამ მომაგნო. მახსოვს, აღელვებისგან \ გადაფითრებული იყო, თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ მის გამო ლოდინმა მომიწია, არადა, არაფერ შუაში არ იყო.
გასტროლებიდან დაბრუნებულს ერთი ჩანთა სუვენირები და საკანცელარიო ნივთები ჩამოჰქონდა. სხვათა შორის, მაშინდელი კალმები და ფანქრები დღემდე მაქვს შენახული.
– მესამე კლასში რომ გადახვედი, მამა ტრაგიკულად დაიღუპა…
– ის დღე ცხადად მახსოვს… მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ჩემს კლასელებს მამები აკითხავდნენ ხოლმე, მეც მინდოდა, საიდანმე მამა გამოჩენილიყო, მაგრამ… ”
…მალე 15 სექტემბერი დადგება და სკოლებში პირველი ზარი დაირეკება. მამებო, შვილებს თქვენც მიულოცეთ წერილით ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, მათ ის ყოველთვის განსაკუთრებულად ემახსოვრებათ.
წყარო: “კვირის პალიტრა”