ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) ქალიშვილები მამის მსგავსად არაჩვეულებრივად მღერიან.
სამი და მსმენელის ყურადღებას, როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე, გამორჩეული გარეგნობითაც იპყრობს.
,,თურქეთის ქართველ მარგალიტად” წოდებული ბაიარ შაჰინის ქალიშვილები ქართულადაც საუბრობენ და ქართულ ენაზე შესრულებული არაერთი სიმღერა აქვთ.
ბაიარ შაჰინს კარგად იცნობენ საქართველოში და გამორჩეულადაც უყვართ. ამჯერად გადავწყვიტეთ, მისი შვილები გავაცნოთ საზოგადოებას, რომლების ნამღერი ქართული სიმღერები ინტერნეტჰიტად იქცა…
დამლა შაჰინ გუნდარიძემ, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, ამჟამად მუსიკის მასწავლებელია. მისი ტყუპისცალი იუდუმ შაჰინ გუნდარიძე, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, მუსიკის მასწავლებელი. თამარა შაჰინ გუნდარიძე, ,,სამიდის” ყველაზე უმცროსი და, სტამბულის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიოლინოს განყოფილების სტუდენტია…
თუ რა აკავშირებთ ბავშვობიდან საქართველოსთან, ამის შესახებ თავად გვესაუბრენ……
მამასთან ერთად
– როგორ გარემოში იზრდებოდით და როგორ აითვისეთ ქართული ენა და სიმღერები?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამივე დავიბადეთ თურქეთის კოსმოპოლიტურ ქალაქი სტამბულში, ვიზრდებოდით ქართული ენის, ქართული მუსიკის, ქართული სამზარეულოსა და ქართული ცეკვის სიყვარულით და ყოველდღიურად ვცხოვრობდით ამით. ართვინის ისტორიული ნაწილ მაჭახელადან მოსული გუნდარიძის გვარის ბაბუის და ბებიისაგან ნასწავლი ქართული სიმღერები მამამ ჩვენ შეგვასწავლა.
– დედაზე გვიამბეთ…
– ის ჩვენი ანგელოზია, ჩვენს აღზრდაში დიდი წვლილის მქონე დედა – მიჰრიე შაჰინ კორტანიძე თავიდანვე გვაჩვევდა ქართულ კულტურას, ქართულ ადათ-წესებს! შემდეგში გაგვაცნო ქართული სამზარეულო და უგემრიელეს ქართულ კერძებს ჩვენთან ერთად ამზადებდა. ჩვენც გვასწავლა მომზადება. ერთი სიტყვით, დედა ჩვენი კეთილგანწყობის და სიხარულის წყაროა და ხანდახან სახლში ისე საოცრად მღერის, რომ არა მხოლოდ ჩვენ – სამ დას, არამედ მამას – ბაიარ შაჰინსაც აჯობებს.
– ბაიარ შაჰინი მთელი საქართველოსთვის საყვარელი მომღერალი და პიროვნებაა, თქვენ როგორ აფასებთ მის მოღვაწეობას?
– მამაჩვენი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე 30 წელია მუსიკითაა დაკავებული. მან შეისწავლა და გამოიკვლია ქართული მუსიკა, ქართული სიმღერები და დაიმსახურა დიდი სიყვარული, როგორც თურქეთში ასევე საქართველოში, რითაც ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ და გვინდა, რომ ეს სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდოს.
– სიმღერას და ქართულს პატარაობიდანვე გასწავლიდათ?
– დიახ, ქართული სიმღერა და ქართული ენა პატარაობიდანვე გვასწავლეს, გარდაცვლილი ბებიაჩვენი ჰანიფე შაჰინ თევთიძე პატარაობისას ჩვენთან ყოველთვის ქართულად საუბრობდა, ქართულ ხალხურ ლექსებს გვიყვებოდა და ქართულ თამაშებს გვეთამაშებოდა… მაგალითად ასეთს: “წიფ წიფოლა კატამ კვერცხი შეჭამა, ცხვირზე ასხია, უხარია, ბოლო ბოლო ბოლოო”. მოგვიანებით მამამ ჩვენც წაგვიყვანა მისი ორკესტრის რეპეტიციებში და ასევე მრავალხმიანი ქართული სიმღერების პირველი მაგალითები იქ მოვისმინეთ და ვისწავლეთ.
– პატარაობიდან მოყოლებული, რამდენად ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში და როგორია თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე?
– ბავშვობიდან დღემდე ძალიან ხშირად დავდივართ საქართველოში… ნანახი გვაქვს აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სვანეთი, შიდა ქართლი… ყველა კუთხე თავისებურად განსაკუთრებული და ლამაზია, ყველა ძალიან მოგვეწონა, მაგრამ სვანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გავმართეთ კონცერტები, უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებშიც გვინდა კონცერტების ჩატარება.
– რას იტყოდით ქართველ ხალხზე, ქართულ სამზარეულოზე, ტრადიციებზე?
– ქართველი კაცი სტუმართმოყვარეობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, ბავშვობიდან დღემდე სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ საჭმელს და ქართულ სუფრას კლასიკა სადღეგრძელოს თქმის ტრადიცია აღსანიშნავია და სასწავლოა.
– საქართველოში საკმაოდ პოპულარულია თქვენი ვიდეოები, რას ფიქრობთ ამაზე?
– პირველ რიგში ძალიან ბედნიერები ვართ და მომავალში სხვადასხვა კონცერტში ქართველ მსმენელებთან ერთადაც გვინდა შევასრულოთ ჩვენი სიმღერები.
– რა სფეროში აპირებთ მოღვაწეობას თითოეული თქვენგანი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?
– მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალურ საქმიანობას გავაგრძელებთ, ის, რაც ვისწავლეთ (ავიღეთ) საქართველოდან, გვინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, მაგალითად: იუდუმ შაჰინ გუნდარიძემ დაწერა პანწურის ოჯახის პოპულარიზაცია უნივერსიტეტის დამთავრების თეზისად. მომდევნო ეტაპზე, მან, ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტი “პანდურის” მეთოდს მოამზადებს… დამლა შაჰინ გუნდარიძემ, უნივერსიტეტის დამთავრების თეზისად “მაჭახელა”-ს ქართულ ხალხურ სიმღეები გაანალიზა. თითოეული სიმღერის შინაარსი და ნოტები დაიბეჭდება წიგნში. თამარა შაჰინ გუნდარიძე ვიოლინოს სპეციალობას ამთავრებს. რამოდენიმე თვის შემდეგ თურქეთში გამოვა “სამიდას” ახალი ალბომი და თუ შევძელით ძალიან გვინდა ახალ ქართულ პროექტებშიც მონაწილეობის მიღება.
– სასიმღერო მოღვაწეობას განაგრძობთ თუ სხვა პროფესიებსაც ეუფლებით?
– მუსიკისა და სიმღერების გარდა სხვა პროფესიას ჯერჯერობით არ ვეუფლებით, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკა.
– საქართველოში გათხოვებას ხომ არ გეგმავთ?
– ყველაფერი ღვთის ნებაა.
წყარო: mshoblebi.ge
სხვა ახალი ამბები:
40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის სკანდალი