მაგდა პაპიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

0
572
20 Views

მეუღლის და 5 წლის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, მაგდა პაპიძე ციხიდან წერილს ავრცელებს. პაპიძის წერილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, სჯავრდებულის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდა.

„ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება, რომლის ნაწილიც ვიყავი და ვარ მეც – საზოგადოება, როცა ვცხოვრობდი ადვოკატის, პროკურორის გარეშე და ჩემზე არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც სიტყვიერად და არც ფსიქოლოგიურად არავინ ძალადობდა“, – წერია წერილში, რომელიც 2022 წლის 12 დეკემბრით თარიღდება.
მსჯავრდებული წერილში წერს, რომ შვიდი წლის შემდეგ, მისი საქმის „გაცოცხლებით“, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობენ:

„პირველად არ ირღვევა ჩემი უფლებები და ეტაპობრივად ასე იქნება ალბათ იქამდე, სანამ უპასუხოდ დარჩენილი უამრავი ის კითხვა იარსებებს, რაც ასე დატოვა გამოძიებამ და შვიდი წლის თავზე ჩემი პირადი ტრაგედიიდან, ხორციელდება ხელახალი ფსიქოლოგიური წნეხი ჩემზე და ჩემს განადგურებულ ოჯახზე საჯარო-სატელევიზიო მაუწყებლობით ისე, რომ ვიმყოფები დახურული რეჟიმის ისედაც რთულ გარემო პირობებში და არანაირი შეხვედრით, პირად კომუნიკაციას არ ცდილობს და არც ამყარებს პროკურატურა და გამომძიებელთა გუნდი ჩემთან, ისე წერს და თხზავს, მერე კი იყენებს მთელ ამ სცენარს ხელახალი, საზოგადოების მომწამვლელი მომართვისთვის და რისთვის?!.. ნუთუ, არავის უჩნდება კითხვა, როგორც მყარი მიზეზი და საპასუხოდ აუცილებელი – ტრაგედიიდან შვიდი წლის თავზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იზოლირებულ ქალ-პატიმარზე, რისთვის და რა მოტივით დასჭირდა პროკურატურქას?! რატომ გრძელდება ასე უსასრულოდ ადამიანის უფლებების რღვევა და მცდელობა, საერთოდ დააკარგვინონ ადამიანს მომავლის იმედი, მიიყვანონ ისედაც რთულ პირობებში უკიდურეს სასოწარკვეთამდე და ისედაც განადგურებული და დანგრეული ოჯახი ხელახლა გაგვლახონ ხელით, წიხლით, სიტყვით – „სიმართლის სახელით“.

მაგდა პაპიძე წერილში წერს მისი დაკითხვისას, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებაც, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია:

„შვიდი წლის წინ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა, ვინმეს, რომ ეთქვა, წინ რა მელოდა, ვერაფრით, ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალურად და ადამიანურად, ამასთან ჯერ შეგუებას მერე კი ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდი. შევძლებდი იმ დანაკარგის და მერე უკვე ძალადობის შემდეგ, რაც ასეთ შოკურ მდგომარეობაში მე პოლიციის შენობაში გამატარეს. ფაქტი ის არის, რომ ვერ შევძელი და დადგა დიაგნოზები… ადამიანი შეიძლება ციხეში ჩააგდო, მაგრამ ბრძოლის უფლება არ უნდა შეუზღუდო. შეიძლება ფიზიკურად დაატუსაღო, მაგრამ ის, რომ გონებრივად ვერ აპატიმრებ, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფსიქო-ზეწოლით იმუშავოს წლების მანძილზე ჩემს წინააღმდეგ იმ გუნდმა, რომელთაც ჩემი წამების და უფლებების უკიდურესი დარღვევა ასე იოლად შემოდო თაროზე და ახლა მხოლოდ ისღა აწუხებს, როგორმე ოთხ კედელში, ჩუმ-ჩუმი წნეხით, ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიმიყვანონ“.

როგორც ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, მაგდა პაპიძემ შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ გამოძიებას მიმართა და მათთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, მას არავინ გამოხმაურებია:

„მას აინტერესებს, რას ემსახურებოდა ამ ტიპის ფილმის გადაღება, რატომ მოხდა ამ საქმის მხოლოდ ერთი მხრიდან გაშუქება და რატომ არ მოხდა მასთანაც რიგი საკითხების გავლა. ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ფილმში არასწორი ფაქტებია მოყვანილი და არასწორი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას“.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

Cesko