“მამაოს ჯიპი რად უნდაო, ხშირად უნდა და თანაც როგორ, იმისთვის რომ…” – რას წერს ნათია ბერიძე

November 16, 10:11
0
869

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სასულიერო პირების მიერ ძვირადღირებული მანქანების შეძენის საკითხს ესმაურება და განმარტავს, რატომ სჭირდებათ მათ მაღალი გამავლობის მანქანების ყოლა.

“მთელი დღეა აზიარებთ ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტოებს და ვიდეოებს რომელსაც ბოლო მოდელის ავტომობილი ჰყავს.
არასოდეს ვამართლებ ხოლმე იმას რაც არც მე მომწონს, მაგალითად ზედმეტ ფუფუნებას სასულიერო პირების, არც ბიზნესმენობას და არც სხვა მსგავს ამბებს. მესმის თქვენი და არ ვარ ის კატეგორია ყველაფერში რომ გამართლებას ეძებს, უბრალოდ ჩემი კონტაქტი სასულიერო პირებთან, მეუფეებთან იმდენად ხშირია, მომინდა ცოტა რამე მეთქვა, საკუთარი თვალით ნანახი ამბებიდან.

გუშინ გახდა ერთი წელი რაც მე ეპარქიების გადაღება დავიწყე, ერთი წელია ინტენსიურად დავდივარ ეკლესია-მონასტრებში და “შიდა სამზარეულოც” ასე თუ ისე კარგად გავიცანი.

გარე თვალიდან ხშირად ისე ჩანს რომ ბერ-მონაზვნების ცხოვრება მშვიდი, ფერადი და მარტივია. ვიღაც შესაწირს ჩააგდებს, ცხვარს დაკლავს ან ჯიპს აჩუქებს და მორჩა… არადა ყველაფერი საერთოდ სხვანაირადაა.

იცით რა გზებზე მივლია?! იცით რამდენი გაუვალი გზა გამიკვალავს “მამაოს ჯიპით” ?! ჩვენი მანქანით რომ ვერ ავსულვართ და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანა ადის, ისიც ძალიან გაჭირვებით, აი მანდ მივლია “მამაოების ჯიპით” მარტო რომ ცხოვრობს და თქვენ აქ რომ გამოჭერაზე ხართ ვიღაცა დააკნინოთ და ივიშვიშოთ, ერთხელაც არ გაგხსენებიათ რომ სადღაც მთის ან კლდის თავზე ერთი სასულიერო პირი შეიძლება მარტო ცხოვრობდეს (ხან მონაზონი ხან ბერი) რომელსაც ხშირად თვეები ადამიანი არ უნახავს იქ ასული. წყლის მიმწოდებლად და სანუგეშებლად.

მამაოს ჯიპი რად უნდაო, ხშირად უნდა და თანაც როგორ, იმისთვის რომ ხშირად დათვებით სავსე გაუვალი ტყე გაიაროს, ზღვის დონიდან 1000,1400,1600, 2000 მეტრზე და უფრო მეტზე რომ ავიდეს სადაც არასოდეს ასულხართ თქვენ და მეც არ ავიდოდი რომ არა ეს საოცარი პროექტი რასაც მათთან ერთად ვაკეთებთ.

იცით სად ცხოვრობენ?! “ეზოში” რომ დათვები, მგლები და ტურები დასეირნობენ ისეთ უკაცრიელ ადგილებში. იცით მაინც სად დადიან იმ ჯიპებით?! ვერასოდეს რომ თქვენ საკუთარი სურვილით ვერ ახვალთ, შიშის, სიზარმაცის და იმის გამოც რომ აზრს ვერ დაინახავთ, საუკუნეების წინ წინაპართა წარმოუდგენელი შრომით ნაშენებ, მიუვალ ტაძრებსა და მონასტრებში დადიან იმ “ჯიპებით” და მომავალი თაობებისთვის გვინახავენ. მინდა რომ ერთხელ ჩემი და ჩემი გადამღები ჯგუფის თვალით ნახოთ რა არის იმ ლამაზ კადრებს მიღმა რასაც ჩემს სიუჟეტებში ხედავთ: სიცივე, ტალახი, უგზოობა, ხშირად უწყლობა, უშუქობა, გაზი და ცხელი წყალი კი არა ხან ცივიც არ აქვთ იმიტომ რომ იმ კლდეზე ან მთის ძირში მხოლოდ ერთი საათით თუ დაანათებს მზე, იმ ტყეებში წელიწადის 12 თვიდან 10 რომ ცივა. 4-5 საათზე რომ დგებიან მაინც ყველაფრის მიუხედავად და ტიპიკონს სრულად მიჰყვებიან, ხან მარტო მაგრამ მაინც მხნედ და ბედნიერად რომ უფალთან სიახლოვე შეუძლიათ, დაბლა დარჩენილი ჯიპები მათთან ასვლის ერთადერთი საშუალებაა ხანდახან.
ან ამ ჯიპებს რომ ხედავთ ვინმემ იცით ფუძნარში რომ მამა ილარიონი დღემდე 21 -ე საუკუნეში უშუქოდ ცხოვრობს და ერთადერთი რაც უნდა ერთი ცალი ნათურაა რომელიც საშუალებას მისცემს სრულფასოვნად ილოცოს, ზამთარში რომ 5 საათზე ღამდება და დილა ლამის 10 ზე იწყება სანთლის შუქზე უწევს ლოცვების კითხვა. შეშა და წყალი არ მედარდება მხოლოდ ის მინდა რომ წიგნები არ დავაზიანო ლოცვის დროს სანთლის ნაღვენთებითო მითხრა.

ასეთი ადამიანები რატომ არ გახსენდებათ?! ფოთოლეთში გაუკვალავ გზას რომ ”მამაოს ჯიპი” ვერ გადის და სპეციალური რკინებში ჩასმული ავტომობილით აგვიყვანეს, ხევში გადავარდნის საფრთხის გამო, ნახევარი საბურავი რომ თვალუწვდენელი ხევის მხარეს ჰაერში ავქვს ავტომობილს და ისე მიდიხარ, ერთი სანტიმეტრი რომ არასწორი მანევრი გააკეთოს მანქანამ, სავარაუდოდ ვერც ძვლებს რომ ვერ იპოვნიან შენსას ისეთ გზაზე რომ ხარ, ახვალ და ბერი მაქსიმე დაგხვდება, ძველი დახეული ანაფორით და ყველაზე კეთილი თვალებით, შეშას შეუკეთებს ფეჩში და სხვა თუ ვერაფერი ფეჩით მაინც “გაგიმასპინძლდება” მოყინული ფეხებით რომ სახე მოღრეცილი ვიჯექი და დავფიქრდი, რაზე ვდარდობ?! ეს კაცი არ როგორ ცხოვრობს და მაინც ბედნიერია, მე 1 საათში წავალ, ისევ ჩემს კომფორტულ სახლში, არადა მაინც სულ რაღაცით ვარ უკმაყოფილო…

ფერსათში მამა სერაპიონი სულ მარტო რომ ცხოვრობს, სიტყვის მთქმელი არავინ ჰყავს და ერთხელ ნანახი ყველა დღესასწაულზე ვახსენდები, მილოცავს და მლოცავს, ამ კაცზე ერთხელ გიფიქრიათ?!

ბაღდათში დედა პარასკევაზე?! საღამოს 6 საათზე რომ შეიკეტება საცხობში და მეორე დღის 12 საათამდე (შუადღის) ცხვირს გარეთ არ ყოფს, ასობით ან ათასობით სეფისკვერს მარტო აცხობს, დაღლილი, დამწვარი და ხან დასახიჩრებული ხელებით გამოსული მაინც სალოცავად შედის ტაძარში, მერე 2 საათი რომ სძინავს და საღამოს ისევ საცხობში შეიკეტება,ასე ყოველ დღე… მოგიკითხავთ?! მისი ფოტო ოდესმე გაგიზიარებიათ?!

კაცხის სვეტზე რომ იღუმენი ილარიონია, შარშან თოვლში მასთან “მამაოს ჯიპითაც” რომ ვერ მივედით იმხელა თოვლია, ისეთი გზა და ფეხით ვიარეთ, ის კი გაბრწყინებული თვალებით ბედნიერი დაგვხვდა, ალბათ ხან თავისთვის რომ უჭირს იმ ლუკმით გამიმასპინძლდა, შეციებულებს ცხელი ჩაი რომ მოგვიტანა და იმ თოვლში ხვალ თავად იმ პურის საყიდლად ფეხით რომ მოუწევს კილომეტრების გავლა ჩვენ რომ შევუჭამეთ, მერე თქვენთვის ლამაზი კადრები რომ გადავიღეთ, გიკითხავთ მისი ამბავი?!

მხოლოდ შავ ჯიპებს ნუ დასდევთ, მესმის რომ ცუდი სანახავია, მაგრამ მაგ ჯიპების იქით არიან ადამიანები, ვინც მართლა იმსახურებს თქვენს ყურადღებას და ერთხელ არ გიკითხავთ და დაინტერესებულხართ.

იმ ჯიპების 90% პროცენტი კი იმაზე მეტად საჭიროა როგორც ზემოთ მოგახსენეთ ვიდრე ვიღაც ნაცტელევიზიებს ჰგონიათ.
ამიტომ სულ ჩასაფრებული ნუ ხართ,მოდუნდით და იმ ხალხზე იფიქრეთ, ვისი ლოცვითაც დღეს ეს ქვეყანა კიდევ სულდგმულობს”, – წერს ბერიძე.

 

Cesko