უკრაინაში რაც ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ, თითქმის ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, ომს დასავლეთი დიდი ხანია, ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობს, გაანადგუროს ყველაფერი რუსული – ენიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო უკრაინაში და ხალხს „უკრძალავს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს“.
„უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ამჟამინდელი – ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე მყისიერად გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობიურ პრეზიდენტებად. უკრაინაში მიღებულია კანონები, რომლებიც კრძალავს რუსულ ენაზე განათლებას, მედიას რუსულ ენაზე, კანონები, რომლებიც რეალურად კრძალავს რუსული ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რუსულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი კულტურული კონტაქტი აკრძალულია. და ამ ყველაფერს მხარს უჭერს დასავლეთი. ისევე, როგორც დასავლეთი მხარს უჭერს ნეონაცისტების რეგულარულ მსვლელობას „სვასტიკებით“, დანაყოფების სიმბოლოებით, რომლებიც აკრძალული იყო ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ. ამ ყველაფერს დასავლეთი უჭერს მხარს“, – თქვა სერგეი ლავროვმა.