“მაგნიტსკის სია“ ნახა მიხეილ სააკაშვილმა და ახლა ამერიკაში ვაგზავნით. სიას მსუსხავი ეფექტი ექნება”- შალვა ხაჭაპურიძე.
ვინ იყო სერგეი მაგნიტსკი და რა საერთო აქვს მას მიხეილ სააკაშვილთან?
ეროვნებით უკრაინელი, რუსეთის მოქალაქე, საკონსულტაციო კომპანიის “Firestone Duncan”-ის აუდიტორი სერგეი მაგნიტსკი, რუს ჩინოვნიკებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისების ორგანიზებული სქემის შექმნასა და გამოყენებაში ამხელდა, რის შემდეგაც ის ბრალდებულ იქნა გადასახადების თავიდან არიდებაში იმ საწარმოების მეშვეობით, რომლებსაც მართავდა “Hermitage Capital” და 2008 წელს დაპატიმრებულ იქნა. სასამართლოში მის წინააღმდეგ იკითხებოდნენ ის ჩინოვნიკები, რომლებიც მან ამხილა. “Hermitage Capital”-ის მმართველ უილიამ ბრაუდერს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან მას 2005 წლიდან გაუქმებული ჰქონდა რუსეთის ვიზა.
სერგეი მაგნიტსკი გარდაიცვალა ციხეში, ერთწლიანი ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე. სიკვდილის ოფიცილური მიზეზია – გულის უკმარისობა.
2010 წელს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. 60-მდე რუსი ჩინოვნიკისთვის აეკრძალათ ევროკავშირის ზონაში შესვლა და მოეხდინათ მათი აქტივების გაყინვა. რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
2012 წელს, აშშ-ში, შეიქმნა ე.წ. მაგნიტსკის აქტი , რომელშიც შეყვანილ იქნენ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავედ მიჩნეული პირები.
2019 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსი ჩინოვნიკების მხრიდან კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა.
2020 წელს, დიდმა ბრიტანეთმა დააწესა პერსონალური სანქციები იმ პირთა მიმართ, ვინც მათ დამნაშავედ მიიჩნიეს მაგნიტსკის სიკვდილში.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე ორი მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე: გულგრილობა და სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობა. ბრალი წარედგინა მაგნიტსკის მკურნალ ექიმს ლარისა ლიტვინოვას და მის უშუალო ხელმძღვანელს დმიტრი კრატოვს. ამ საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ათეულობით ჩინოვნიკი. ციხის უფროსი – დმიტრი კრატოვი სასამართლომ გაამართლა, ექიმ ლიტვინოვას წინააღმდეგ კი, მოგვიანებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სს საქმე შეწყდა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას ბრალი ედება მძიმე დანაშაულების ჩადენაში. მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასა და სს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ხელშეშლაში. ასევე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ორგანიზებასა და 6 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში. სასამართლო წარმოებაშია სს-ის სხვა საქმეებიც.
მომავალში, დარწმუნებული ვარ, მას წარედგინება ბრალი ყველა იმ დანაშაულისთვის რაც მას და მის მიერ შექმნილ კრიმინალურ დაჯგუფებას აქვს ჩადენილი. მათ შორის, სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ აგენტურული საქმიანობის, საქართველოს ტერიტორიის რუსეთისთვის ჩაბარების, დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის, წაგებული ომის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსებზე მიყიდვის, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ ხმის მიცემის გამო. ის აუცილებლად აგებს პასუხს სადამსჯელო დანაყოფების შექმნისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სისასტიკის გამო. მიხეილ სააკაშვილი გასამართლდება იმ ჩახოცილი ახალგაზრდების, ნაწამები პატიმრების, უკანონო პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების, არაადამიანური რეჟიმის შექმნის გამო და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება-შანტაჟის ორგანიზებისთვის.
არაერთი მკვლელობის დამკვეთს, საქართველოს ბიუჯეტის მღრღნელ კრიმინალს რა საერთო შეიძლება ჰქონდეს იმ კაცთან, რომელმაც ამხილა რუსი ჩინოვნიკები საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში?
სერგეი მაგნიტსკი რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო, როგორც წესიერი აუდიტორი, ის თავად შეადგენდა დასკვნას სააკაშვილის და მისი მინისტრების მიერ არამიზნობრივად დახარჯულ და გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე, ხალხის ფულის მითვისებასა და პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე. ამასთან, სააკაშვილი სარგებლობს ყველა დაწერილი, დაუწერელი და სპეციალურად მისთვის დადგენილი უფლებით, დაწყებული – ერთი წლის მანძილზე, 1500-ზე მეტი მნახველის, ოჯახის წევრების (დედის) სამოქალაქო კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტით, დამთავრებული-მისი და მისი მომხრეების მრავალჯერადი, უკანონო ქმედებების იგნორირებით და გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნების სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვებით. ამას გარდა, მაგნიტსკისგან განსხვავებით, სააკაშვილს აქვს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი და ჩატარებული აქვს რამდენიმე სახის ექსპერტიზა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
ამასთან, სიმულანტი სააკაშვილის სიცოცხლით და ჯანმრთელობით, პირველ რიგში, დაინტერესებულია თავად ხელისუფლება, რომელიც იმასაც ვერ ბედავს, რომ თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ან ციხეში გადაიყვანოს. “ვერ ბედავს”, სააკაშვილის ოჯახის მიერ დაფინანსებული და ხელოვნურად აგორებული საერთაშორისო კამპანიის მძევალია თუ თანამონაწილე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
სამარცხვინოა, უილიამ ბრაუდერის მიერ, სერგეი მაგნიტსკის სახელის გამოყენება კრიმინალ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
ასე რომ, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებები დიდი ხანია გასცდა პროფესიულ ვალდებულებას, ადვოკატის ეთიკას და რიგითი ნაცაქტივისტის არასერიოზულ რიტორიკას დაემსგავსა. ასე თუ გააგრძელა, მალე იგრძნობს მისი დამქირავებლის მხრიდან თავსდატეხილ ზამთრის სუსხს, ჭინჭრის ცოცხს და ურეკის მაგნიტური ქვიშის საჭიროებას.
მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი