სოხუმში დაბადებული 35 წლის ზურაბ გუგუჩია მსოფლიო მეცნიერების ახალი ქართველი ვარსკვლავია. ფიზიკოსს სამეცნიერო მუშაობისათვის შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 1,8 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადასცა.
თუ რა დამსახურებისთვის მიიღო მხოლოდ ზურაბ გუგუჩიამ 1,8 მილიონი ფრანკი ფიზიკურ მეცნიერებაში და რას აპირებს მომავალში, ამის შესახებ მეცნიერი “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
– გილოცავთ, ბატონო ზურაბ. თქვენი ჯილდო საქართველოს ჯილდოც არის. აქამდე რა გზით მიხვედით?
– სოხუმში დავიბადე, სკოლა კი ზუგდიდში დავამთავრე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, 2009-2013-ში შვეიცარიის უნივერსიტეტის დოქტორანტი გავხდი და პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი. 2016-18 წლებში ამერიკაში, ნიუ-იორკისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში ვმუშაობდი.P პრინსტონში დღემდე ვმუშაობ მიწვეულ მეცნიერად. ჩემი ძირითადი სამსახური კი შვეიცარიაშია, სადაც ქვეყნის მასშტაბურ სამეცნიერო ცენტრში, პაულ შერერის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ. მაღალტემპერატურულ ზეგამტარებზე ვმუშაობ. დღეს ეს თემა მეცნიერების წინა ხაზად ითვლება. ყველასთვის ცნობილია, რას მიაღწია მეცნიერებამ ამ დარგში, თუნდაც მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფია დავასახელოთ მედიცინაში. თუმცა მე გაცილებით მეტის მიღწევა მსურს. მინდა სრულიად ახალი, ისეთი მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა, რომლებიც კაცობრიობას ელექტროენერგიის გრანდიოზულ ნაკადს დაუზოგავს, დაახლოებით 40%-ს. ამავე პრინციპით მსურს კვანტური კომპიუტერების ჩვეულებრივ, ოთახის ტემპერატურაზე ამუშავებაც. უცხოეთში მუშაობის 8 წლის განმავლობაში ამ სფეროში რამდენიმე აღმოჩენა გავაკეთე, რის შესახებაც მსოფლიოს სამეცნიერო ჟურნალებში დავბეჭდე, მათ შორის ჩემი სტატია ახალი ტიპის ნახევარგამტარის აღმოჩენასთან დაკავშირებით მსოფლიოს პრესტიჟულ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა. აღნიშნული ნახევარგამტარი დაახლოებით ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ნობელის პრემიის ლაურეატების აღმოჩენილი ადრინდელი ნახევარგამტარები.
თუ სრულიად ახალ, ეფექტურ ტექნოლოგიებს მივიღებთ, ეს ელექტროენერგიის ხარჯებს კოლოსალურად შეამცირებს.
– სასწაულს მეუბნებით. მთელი დედამიწა შფოთავს გიგანტური ჰესების აგების გამო. ნუთუ ჰესების რიცხვიც შემცირდება? სად აპირებთ ასეთი ელექტროენერგიის მოპოვებას?
– ამ თემაზე უამრავი მეცნიერი მუშაობს და მათ შორის მეც ჩემი მიმართულებით, რომელიც ასეთია: მოგეხსენებათ, ბუნებაში არსებობს კვანტური ნივთიერებები, იგივე კვანტური კრისტალები, რომლებშიც დიდი რაოდენობით ელექტრონებია. ისინი კი ერთმანეთზე ზემოქმედებენ. ჩემი მიზანია დავადგინო, როგორ გადავიყვანოთ ახალ მდგომარეობაში კვანტური კრისტალები ისე, რომ მათში მივიღოთ დედამიწაზე არარსებული კვაზინაწილაკი, რომელსაც გარედან ვმართავთ, ის კი კვანტურ კრისტალებში ახალი ტიპის ენერგიას შექმნის. ბევრად უფრო სწრაფსა და ეკონომიურს, ვიდრე ახლა მუშაობს მსოფლიოს ელექტროხელსაწყოები.
– დარწმუნებული ვარ, კონკურსი ძნელი იყო, თანხაც, რომელიც მომავალი მუშაობისათვის მიიღეთ, ნამდვილად არ იყო ადვილი მისაღები.
– ამ კონკურსისთვის შვეიცარიის სამეცნიერო ფონდი ევროპელ მეცნიერებთან ერთად მუშაობს და 600-მდე კონკურსანტს არჩევს. შემდეგ მათ პროექტებს უგზავნის ევროპის ქვეყნების 30 მეცნიერისაგან შემდგარ კომისიას, რომელიც პროექტებს ქულებს უწერს, კონკურსანტებს ფილტრავს და მათგან საუკეთესოებს, დაახლოებით 15%-ს, გასაუბრებაზე იწვევს. გასაუბრებისთვის 30 წუთია დათმობილი, საიდანაც 15 წუთი კონკურსანტმა უნდა ისაუბროს თავისივე აღმოჩენებსა და გეგმებზე. დანარჩენ 15 წუთში კი ოცდაათივე პროფესორი კონკურსანტს კითხვებს აყრის მისი სამეცნიერო მუშაობის შესახებ. კონკურსანტის პროექტს ასევე განიხილავს მსოფლიოს ოთხი უხუცესი პროფესორი, რომლებიც კონკურსანტებისთვის ინკოგნიტოდ რჩებიან.
– ალბათ, თქვენც კი არ გჯეროდათ, რომ ამხელა თანხას მოიპოვებდით სამეცნიერო მუშაობისათვის.
– როდესაც შეტყობინება მომივიდა, წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავრწმუნდი, რომ პასუხი დადებითი იყო. ამიტომ ჩემს მეგობარსა და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან გავედი სიმართლის დასადგენად, მან კი მითხრა, პასუხი დადებითიაო და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
– თქვენ პირველი “მილიონერი” ქართველი მეცნიერი ხართ. თქვენთან ერთად წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინც წვლილი შეიტანეს თქვენს ამ გამარჯვებაში.
– პირველ რიგში ჩემმა მეუღლემ. სწორედ მან აიღო ჩვენი ოჯახის მართვა ხელში მაშინ, როდესაც მე შაბათ-კვირას და შვებულების დროსაც კი ვმუშაობ.
– ახლა რას აპირებთ? ამ ფულით ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ დედამიწა თუნდაც ჰესებისაგან იხსნათ.
– შევეცდები ისე, როგორც მუდამ ვცდილობდი. ჩემი ახლანდელი მიზანი სწორედ ამ პროექტზე მუშაობაა.
წყარო: kvirispalitra.ge