კოსოვოში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება – უკვე მესამე დღეა შეტაკებებია ეთნიკურ სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის

0
423
21 Views

უკვე მესამე დღეა კოსოვოში ეთნიკურ სერბებს გზები მანქანებით აქვთ გადაკეტილი. უცნობმა პირებმა სამართალდამცველებს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს. არიან დაშავებულებიც.

ვითარება ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავების გამო დაიძაბა, რომელსაც ბრალი კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმაში დასდეს. სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვო პროვოკაციებში დაადანაშაულა და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კოსოვოს ჩრდილოეთში განლაგებული ევროკავშირის სპეციალური მისიის მანქანას ხმოვანი ხელყუმბარა ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარი ევროკავშირში დაგმეს. ევროპული გაერთიანება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

მშვიდობის შენარჩუნება ყველა მხარის ინტერესში რომ არის, ამაზე კოსოვოს პრემიერ-მინისტრიც საუბრობს.

დაძაბულობის გამწვავებას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ პრიშტინამ 18 დეკემბრისთვის კოსოვოს ოთხ სერბულ კომუნაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები მას შემდეგ დაანონსდა, რაც კოსოვოს ხელისუფლების ორგანოები 600-მდე სერბმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი, მთავრობის მიერ ავტომობილების სერბული სანომრე ნიშნების არაღიარება გახდა.

ბარიკადები კოსოვოელმა სერბებმა რამდენიმე დღის წინ აღმართეს და სერბეთისკენ მიმავალი ორი მთავარი გამშვები პუნქტის მიმართულება გადაკეტეს. კოსოვოს პრემიერი, ნატოს მისიას კოსოვოში, ბარიკადების მოხსნაში დახმარებას სთხოვს. სერბეთის პრეზიდენტი კი ნატო-სგან კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი სამხედროებისა და პოლიციის განლაგებას ითხოვს.

 

Cesko